რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, თუმცა მისი განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა
რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, თუმცა მისი განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა საკუთარ განცხადებაში სერიოზული შეცდომა დაუშვა, თუმცა მისი განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა.

გოცირიძის თქმით, გაქანებულ ომში მყოფი ქვეყნის რომელიღაც სახელისუფლო პირი ასეთ განცხადებას როცა აკეთებს, ეს არის შეცდომა, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ გაუხარდა და შანსი არ გაუშვა.

„ამ კაცს შეაჯდნენ ერთადერთი მიზნით, რომ ის დაეკავშირებინათ ქართულ ოპოზიციასთან, თურმე, საქართველოში ვიღაცას ომი უნდა. ამ განცხადებაში ბევრი სხვა რამ იყო. თქვა, რომ თუ ტერიტორიებზე პრეტენზიას განაცხადებს იაპონია, პოლონეთი, მოლდოვა, ყარაბაღი და რუსეთს ფართო პრობლემები შეექმნება, ცოტა პრობლემები შეგვიმსუბუქდებაო. უფრო ფართო დიაპაზონის მასშტაბი დახატა, ვიდრე საქართველოს კონტექსტი. ეს იყო სერიოზული შეცდომა, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან სწორედ ამის გამოყენება შიდა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და უნამუსოდ, აჩვენებს იმას, რომ ამ ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესები არ აინტერესებს და სოლიდარობის განცდა არ აქვს“, – აღნიშნა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ „დნესტრისპირეთი და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყვნენ დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა“.