რომან გოცირიძე - მაინცდამაინც თუ გვინდა, ვიღაცას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პირველი მოადგილე ერქვას, სამი ვიცე-პრეზიდენტიდან რომელიმეს დავარქვათ პირველი მოადგილე
მაინცდამაინც თუ გვინდა, რომ ვიღაცას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პირველი მოადგილე ერქვას, სამი ვიცე-პრეზიდენტიდან რომელიმეს დავარქვათ პირველი მოადგილე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„რატომ დაიწყო ეს ყველაფერი, რა შუაშია მეოთხე ვიცე-პრეზიდენტი? დავუშვათ, ვიღაცას უნდა, რომ პირველი ერქვას, დღეს ამბობენ, მინისტრს ხომ ჰყავს პირველი მოადგილე და პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეს ხომ ჰყავს პირველი მოადგილეო, მაგრამ ესეც საბჭოთა გადმონაშთია. ევროპულ ქვეყნებში მინისტრების უმეტესობას მოადგილეები საერთოდ არ ჰყავთ და თუ ჰყავთ, ისიც ერთი ან ორი. იქ პირველი და მეორე მოადგილე, ასეთი ცნებები იშვიათად თუ არსებობს და ისიც შეიძლება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი. მაინცდამაინც თუ გვინდა, რომ ვიღაცას პირველი მოადგილე ერქვას, კი ბატონო, სამი ვიცე-პრეზიდენტიდან რომელიმეს დავარქვათ პირველი მოადგილე“, – განაცხადა გოცირიძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა, პარლამენტს წარუდგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები და მმართველი გუნდი პრეზიდენტს საკუთარი კონსტიტუციური უფლებების შესრულებას უკრძალავს.
„ეროვნული ბანკის საბჭო თავისი ცხრაკაციანი შემადგენლობიდან არჩევს ერთ-ერთს და საქართველოს პრეზიდენტს, ანუ სალომე ზურაბიშვილს ისევ წარუდგენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დასამტკიცებლად. საბოლოო ჯამში, ნომინაციას, ანუ პარლამენტში წარდგენას და ეროვნული ბანკის საბჭოდან ერთ-ერთის პრეზიდენტად დანიშვნას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის მისი შეუვალი უფლება. ახლა აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ ეუბნება, მხოლოდ ისეთი ადამიანი წარმოადგინე, რომელიც ჩვენ გვინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არ გაგახარებთო. რას ნიშნავს „არ გაგახარებთ“ – მოხვალ პარლამენტში, ჩაგიგდებ. ასე ერთხელ უკვე მოხდა“, – აღნიშნა გოცირიძემ.
გოცირიძემ ასევე განაცხადა, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება სახიფათოა.
„ახლა ეროვნული ბანკის საბჭოში შეიძლება, მოხდეს დიდი განხეთქილება. წარმოვიდგინოთ, რომ შვიდი კაციდან ორმა წარადგინა რომელიღაც სხვა, რომელიც მთავრობას უნდა, ვინაიდან დღეს არჩილ მესტვირიშვილს უკვე პროპაგანდისტული მედიებიდან მართულმა ექსპერტებმა დაუწყეს ლანძღვა, თურმე მესტვირიშვილი, რომელიც ოცი წელია, ეროვნულ ბანკში მუშაობს, დღეს გახდა ცუდი. უკვე შეკვეთილი სტატიებიც წავიდა და პარლამენტშიც ერთი-ორმა, ასე ვთქვათ, მართლა ლიდერმა რაღაც განცხადება გააკეთა, ეს ინფლაცია რომ არის, არჩილ მესტვირიშვილი რას აკეთებსო. ახლა გაახსენდათ, ინფლაცია რომ იყო. 15% იყო ინფლაცია შარშანწინ, კობა გვენეტაძის დროს და 10% იყო შარშან. უკვე ამზადებენ, რომ ვიღაც ორი წარადგენს სხვას. წარმოვიდგინოთ, რომ არჩილ მესტვირიშვილიც წარადგინა მეორე ორმა და ორი კანდიდატურაა ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. უკვე იწყება განხეთქილება თვითონ ეროვნული ბანკის საბჭოში და ეს მარტივი ამბავი არ არის. ეჭვები, რაც გვქონდა, უკვე ვიცით. დღეს საუბარია იმაზე, რომ ნათია თურნავა უნდა გახდეს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ დანიშნავს საკუთარ კადრს“, – განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, ეროვნულ ბანკში ვითარება აიწეწა, რაც საერთაშორისო ნეგატიური შეფასების და შიგა არასტაბილურობის წყარო გახდა, რაზეც მეტყველებს ის, რაც პარლამენტში ხდება.
დღეს პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას შეასრულებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო 23 თებერვალს დაადო.