რომან გოცირიძე - გახარიასთან პომპეოს საუბარში მთავარი იყო, რომ არავინ გაბედოს არჩევნების გაყალბება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი იყო ძალიან მოკლე და ნიშნავდა შემდეგს – არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.
როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, აშშ-ის მხრიდან არჩევნებზე იქნება უმკაცრესი დაკვირვება და იმ შემთხვევაში, თუ დაინახეს, რომ არჩევნები ტარდება უსამართლოდ, ამას ექნება უმწვავესი და უმკაცრესი შედეგები საქართველოს ხელისუფლებისთვის.
„პრემიერ- მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შორის საუბრის შემაჯამებელი შინაარსი გამოქვეყნდა ტვიტერზე. ეს იყო ძალიან მოკლე და ნიშნავდა შემდეგს – არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები! მორჩა, ეს იყო მისი განცხადება ტვიტერზე. შემდეგ როცა მთავრობა ამბობს, რომ საუბარი იყო ამაზე, იმაზე, დიახ, ეს დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილია – გამარჯობა, როგორ ხართ? ინფექცია როგორ გადაიტანეთ? ჩვენები პასუხობენ – მადლობთ, კარგია, რომ ფული მოგვეცით ინფექციის საწინააღმდეგოდ. ტერიტორიულ მთლიანობაში გიჭერთ მხარს და ა.შ. მთავარი რაც იყო და რისთვისაც შედგა ეს საუბარი, გამოქვეყნდა ტვიტერზე. იქნება უმკაცრესი დაკვირვება აშშ-ის მხრიდან არჩევნებზე და იმ შემთხვევაში, თუ დაინახეს, რომ არჩევნები ტარდება უსამართლოდ, ამას ექნება უმწვავესი და უმკაცრესი შედეგები საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს დასკვნა უნდა გამოიტანოს ხელისუფლებამ. გარდა ამისა, იყო საუბარი სასამართლოს არასწორ მუშაობაზე, მაგრამ მთავარი შინაარსი, როგორც აღვნიშნე, იყო შემდეგი – არავინ გაბედოს არჩევნების გაყალბება. ნუ იქნება ძალადობა, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – ეს იყო საუბრის მთავარი შინაარსი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.