რომან გოცირიძე - ლობისტი დაიცავს პოლიტიკური პატიმრის უფლებებს და მის საკითხს წამოწევს კონგრესში, ასევე დასავლურ მედიაში, ეს აბსოლუტურად ცივილიზებული ფორმაა
ლობისტების მუშაობა საჯაროა და ყველაფერი აისახება ინტერნეტში. ნებისმიერი ხელშეკრულება მარტივად გასაგებია და უცნაური არაფერი არ არის, ეს არის მოლაპარაკების პროცესი. ლობისტი დაიცავს პოლიტიკური პატიმრის უფლებებს და მის საკითხს წამოწევს როგორც კონგრესში, ასევე დასავლურ მედიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
გოცირიძის თქმით, ეს აბსოლუტურად ცივილიზებული ფორმაა.
„სიტყვა „ლობისტი“ რომ საჩოთირო არ არის, ეს თავად ბიძინა ივანიშვილს ჰკითხონ, რამდენი ლობისტი ჰყავს დაქირავებული და „ჩალიჩობს“, რომ სანქციები არ დაუწესდეს. ივანიშვილმა მთელ საქართველოს მოუწოდა, ექსპერტები დაიქირავეთ, რომ ლარის კურსის ცვლილებისას ფული არ დაკარგოთო. ლობისტები დასავლური, ღია პროცესის ერთ-ერთი ელემენტია. „ქართული ოცნება“ ამის წინაღმდეგ თუ წავა, მათ ლობისტებს ამოვუყრით“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა: „მივიღე ინფორმაცია, რომ გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ, პიარ-საკონსულტაციო კომპანიასთან, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით“.
ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არა ლობისტური, არამედ იურიდიული კომპანია დაიქირავა.