რომან გოცირიძე - ლარის 50-თეთრიანი გაუფასურება პირდაპირ არის საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ბრალი
ლარის გაუფასურების ტენდენცია რომ იქნებოდა, ეს ელემენტარულია, რადგან სერიოზული დანაკარგი იქნება როგორც რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან გადმორიცხვების თვალსაზრისით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„ფაქტობრივად, 50-თეთრიანი გაუფასურება პირდაპირ არის საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ბრალი. როგორც კი, უკრაინაში დაიწყო ომი, საქართველოს ეროვნულ ბანკს ინტერვენციები იმავე დღეს უნდა განეხორციელებინა, რადგან დღეს ლარი არ უფასურდება სერიოზული ძვრებით საგარეო ვაჭრობაში ან ვალუტის შემოდინებაში, რაც სამომავლოდ მოხდება, არამედ შიშის, მოლოდინებისა და აჟიოტაჟის გამო უფასურდება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისივე თქმით, როცა ლარი ფუნდამენტური ფაქტორების გამო არ უფასურდება, მისი შეჩერების ერთადერთი მექანიზმი ეროვნული ბანკის მიერ ფულად საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება და ინტერვენციების განხორციელებაა.
„დღეს, ეროვნული ბანკის რეზერვებში 4.2 მილიარდი დოლარია და შარშან მილიარდზე მეტი სავალუტო ფონდმა მოგვცა. ის საგარეო კრედიტები და დახმარებები, რაც ბიუჯეტში მიდიოდა, შემდეგ ეროვნული ბანკის რეზერვებში ილექებოდა და იქიდან ლარებით მერე ბიუჯეტი ფინანსდებოდა, რისთვის სჭირდებათ ეს ფული? – ამბობენ, რეზერვები შავი დღისთვის არის საჭიროო და ამაზე შავი დღე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვინმეს უნახავს? ეროვნული ბანკი თავის უმოქმედობით ხალხს აღატაკებს და აზიანებს ბიზნესს. არსებობს ორი გზა – ამ უმძიმესს ვითარებაში დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობის ცვლილება უნდა მოხდეს ბიუჯეტში, ასევე უნდა იყოს გადახედილი ყველა უსარგებლო ხარჯი, მათ შორის ფუფუნების მანქანები და ამათი სეირნობები. მეორე მხრივ კი, უნდა გაამკაცროს ეროვნულმა ბანკმა ფულად საკრედიტო პოლიტიკა და ზომიერი ინტერვენციებით მართოს პროცესი, ეს არის გადაუდებელი და პირველი რიგის ღონისძიებები“, – განაცხადა გოცირიძემ.