რომან გოცირიძე - ლარი პრობლემებზე არასათანადო და არაკვალიფიციური რეაგირების გამო უფასურდება
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების მიზეზები მთვარობის ეკონომიკურ პოლიტიკაშია.
როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, ლარის კურსი ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყებამდეც უფასურდებოდა.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციამ მთავრობა და ეროვნული ბანკი არაერთხელ გააფრთხილა, რომ ლარის კურსის გაუფასურება გაგრძელდებოდა, თუ გადამწყვეტი ზომები არ იქნებოდა მიღებული – ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო პოლიტიკას არ გაამკაცრებდა და მთავრობა საბიუჯეტო პოლიტიკას არ შეცვლიდა.
„ხელისუფლებას კვლავ მიეცა შანსი, ლარის გაუფასურება რაღაცას და სხვას გადააბრალოს, ხან თურქეთს აბრალებდნენ, ხან საგარეო ფაქტორებს. ლარის გაუფასურების არსებითი პრობლემა მთვარობის ეკონომიკურ პოლიტიკაშია. გამოსავალი არის იმაში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება სასწრაფოდ მოხდეს და ეროვნულმა ბანკმა საკუთარი ინსტრუმენტები აამოქმედოს. რა ჯანდაბაში უნდა ეროვნულ ბანკს რეზერვები, თუ ასეთ მძიმე ვითარებაში არ გამოიყენა, როცა ფინანსურ კრიზისში გადავდივართ. მინდა, შეგახსენოთ, როცა 2006 წელს რუსეთმა საქართველოს ემბარგო დაუწესა, მე, რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი, რუსული ემბარგოს შემდეგ ლარმა გამყარება დაიწყო. შეგიძლიათ, ეს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ნახოთ“, – დასძინა რომან გოცირიძემ.
მისი თქმით, „ახლა რუსეთს ემბარგო არ გამოუცხადებია და ემბარგოზე შიშით ლარი ლამის ჩამოიშალოს“.
„ლარს ემბარგო კი არ აუფასურებს, არამედ ლარი პრობლემებზე არასათანადო და არაკვალიფიციური რეაგირების გამო უფასურდება. ლარის სიმყარე სწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და საინვესტიციო პოლიტიკის წყალობით შევძელით”, – განაცხადა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ.