რომან გოცირიძე - ლარი, ფასები ვირუსი, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი ჩამოექცათ
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ზუგდიდის სპეცოპერაცია მანიშნებელია, რომ ქვეყანაში არც ერთი სისტემა არ მუშაობს. როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ დარჩეს, „ქვეყანას კრიმინალი დაანგრევს და წალეკავს“.
მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევის მაჩვენებელია ის, რაც კრიმინალთან დაკავშირებით ხდება.
„ყველა ამ ქმედებაში არაპროფესიონალიზმი ჩანდა. ძალოვანების მიერ გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანას გვცოდნოდა, ვინ არის დამნაშავე და კინოებში მაინც გვინახავს, რომ დამნაშავის სურათებს კედლებზე აკრავენ, აბსურდული პოლიტიკური მოტივით მართულია პროცესები. რომ არა თავისუფალი მედია, დღემდე არ გვეცოდინებოდა, ვინ არის ტერორისტი და მძარცველი, რომლის მხილებაში საზოგადოებას და გამჭვირვალობას გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ამ უსახური სპეცსამსახურების არაეფექტიან ქმედებას. ფაქტია, რომ ლარი, ფასები ვირუსი, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი, ჩამოექცათ“, – განაცხადა გოცირიძემ.