რომან გოცირიძე - ხელისუფლება ვაიძულეთ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგა, დაინახეს, რომ რეზოლუციის ინიცირებაზე უარი მათთვის პოლიტიკურად ძალიან საზიანო იქნებოდა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხელისუფლება აიძულეს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგა.
გოცირიძის თქმით, ოპოზიციური პარტიების ზეწოლით და უკრაინის ელჩთან დაკავშირებული მოვლენების შედეგად, ხელისუფლებამ დაინახა, რომ ამ რეზოლუციის ინიცირებაზე უარის თქმა მათთვის პოლიტიკურად ძალიან საზიანო იქნებოდა.
თუმცა, რომან გოცირიძის შეფასებით, ხელისუფლების ბოლომდე ნდობა არ შეიძლება, ამიტომაც იქნებიან ფხიზლად და არ მისცემენ საშუალებას, მოატყუონ საზოგადოება.
„ეს ყველაფერი დამთავრდა ქვეყნის სასარგებლოდ და ოპოზიციის გამარჯვებით, რადგან ხელისუფლება ვაიძულეთ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგა. გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არავითარი დაჩქარებული განცხადების შეტანა არ იქნებოდა და 2024 წლისთვის ჩვეულებრივი რეჟიმით მუშაობდა ხელისუფლება.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, თურმე, ერთი წლის წინ სურდათ ამის გაკეთება. ოპოზიციური პარტიების ზეწოლით და უკრაინის ელჩთან დაკავშირებული მოვლენების შედეგად, ხელისუფლებამ დაინახა, რომ ამ რეზოლუციის ინიცირებაზე უარის თქმა იქნებოდა მათთვის პოლიტიკურად ძალიან საზიანო, თუმცა მათი ბოლომდე ნდობა არ შეიძლება. პლენარული სხდომები გადადეს. ასეთი კრიზისია უკრაინაში და როცა ყოველდღიურად აქ უნდა იყოს საპარლამენტო მუშაობა, ორი კვირა არ ჩატარდება პარლამენტში პლენარული სხდომა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს რეზოლუცია გადაიდება ორი კვირა. ამ ხნის განმავლობაში კი გამორიცხული არ არის, ფორსირებულად მიიღონ გადაწყვეტილება ევროკავშირის კანდიდატობის შესახებ, ჩაიაროს უკრაინის მატარებელმა და დავრჩეთ ასე მოტყუებული ჩვენს პლატფორმაზე. ვიქნებით ფხიზლად და არ მივცემთ საშუალებას, კიდევ ერთხელ მოატყუონ საზოგადოება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით წარადგინა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ნათქვამია, რომ მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, „ევროკავშირის ხელშეკრულების“ 49-ე მუხლის საფუძველზე ევროპული პერსპექტივის შესაბამისად, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.