რომან გოცირიძე - ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ნაცად ხერხს, რომ არჩევნებში არაკანონიერი მეთოდები გამოიყენოს
რომან გოცირიძე - ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ნაცად ხერხს, რომ არჩევნებში არაკანონიერი მეთოდები გამოიყენოს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ნაცად ხერხს, რომ არჩევნებში არაკანონიერი მეთოდები გამოიყენოს.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ საარჩევნო პროცესის დარღვევით წარმართვა უნდა შეწყვიტოს.

„ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ნაცად ხერხს, რომ არჩევნებში გამოიყენოს არაკანონიერი მეთოდები, რაც წლების განმავლობაში არაერთხელ გვინახავს. მათი ერთ-ერთი საფირმო ნიშანი თავიანთი ზონდერების მეშვეობით ფიზიკური ზემოქმედება იყო და მალე კრიმინალებიც გამოჩნდებიან, საარჩევნო უბნებთან ჩაიცუცქებიან, მეზობლებს დააშინებენ და უბან-უბან ივლიან. თუ არჩევნების შედეგებზე მსგავსმა შემთხვევებმა გავლენა მოახდინა, ეს მძიმედ დასრულდება დღევანდელი მმართველი გუნდისთვის, რადგან ამას არც ხალხი აპატიებს და არც საერთაშორისო თანამეგობრობა. ხელისუფლებამ საარჩევნო პროცესის დარღვევით წარმართვა უნდა შეწყვიტოს. ყველამ კარგად იცის, რომ ბოლნისში ოპოზიციაზე თავდასხმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ წახალისებული პირების მიერ მოხდა. ყველამ იცის, რომ ხელისუფლება არის დამნაშავე იმაში, რაც ბოლნისში მოხდა.

უნდათ, პროპაგანდისტულად გააფორმონ ის, რომ ზონდერები თავს ესხმიან ოპოზიციას და რომ ნიკა მელიას კი არ ესროლეს ქვები სახურავებიდან, არამედ ნიკა მელიამ ესროლათ სახურავზე. მელია კი არის ღონიერი, მაგრამ ქვემოდან მე-16 სართულამდე ქვას ნამდვილად ვერ ააგდებდა, ფილმი „რეკორდი“ ვიცი, მაგრამ მაშინ ძალიან მაგრად უნდა შეაგინოს სახურავზე მჯდომმა, რომ მე-16 სართულზე ქვა ისროლოს. ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.