რომან გოცირიძე - ხელისუფლება არის პასუხისმგებელი, არჩევნები ჩატარდეს ნორმალურ გარემოში, ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, კანონს დაემორჩილოს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ არჩევნები ჩატარდეს ნორმალურ ვითარებაში, არ იყოს ძალადობა, მოსყიდვა და დაშინება.
გოცირიძის თქმით, აღნიშნულს უნდა უზრუნველყოფდეს კანონი, ხელისუფლება და არა „ქართული ოცნება“, როგორც პარტია. მისივე განმარტებით, ოპოზიციის პასუხისმგებლობა კი არის, კანონს დაემორჩილოს.
„როდესაც პასუხისმგებლობაზეა საუბარი, ხელისუფლება არის პასუხისმგებელი, რომ არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად, არ იყოს ძალადობა, მოსყიდვა და დაშინება, საარჩევნო უბნებთან არ იყვნენ თავმოყრილი ვიღაც ზონდერები და არ ახდენდნენ ამომრჩეველზე ზემოქმედებას. ამას უნდა აკეთებდეს კანონი, ანუ ხელისუფლება და არა „ქართული ოცნება“, როგორც პარტია. საქართველოში, ყველა სამართალდამცავი უწყება ემსახურება „ქართული ოცნების“ პარტიულ ინტერესებს. მთავარი პასუხისმგებლობა არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარებაზე და გაყალბების თავიდან აცილებაზე ეკისრება ხელისუფლებას.
რაც შეეხება ოპოზიცის პასუხისმგებლობას, ოპოზიციის პასუხისმგებლობა არის ის, რომ კანონს დაემორჩილოს. ამ რვა წლის განმავლობაში რამდენი უკანონობა ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“ და ახლა უნდათ, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებით გამოასწორონ თურმე და ყველაფერში დამნაშავე ყოფილა კანონი. ამით უნდათ საერთაშორისო პარტნიორების და ამომრჩევლების მოტყუება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანია და „ქართული ოცნების“ მსგავსად, თავიანთი წვლილი შეიტანონ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში.