რომან გოცირიძე - ხელისუფლება არჩევნებს ერთი თვითაც ვერ გადადებს, რადგან ეკონომიკაში უმძიმესი ვითარებაა, ლარი კბილებით უჭირავთ
რომან გოცირიძე - ხელისუფლება არჩევნებს ერთი თვითაც ვერ გადადებს, რადგან ეკონომიკაში უმძიმესი ვითარებაა, ლარი კბილებით უჭირავთ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლების დანაშაულია, რაც საქართველოში „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებით ხდება, რადგან ვერც ფული და ვერც დრო სწორად ვერ გამოიყენა.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში პანდემიის კუთხით კატასტროფული მდგომარეობაა.

მისი თქმით, საქართველოში მოვლენები მსოფლიოში არსებული ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება.

„გარკვეული დროის განმავლობაში იზომება შედეგი, რომელმა ქვეყანამ მიაღწია წარმატებას, თუ წარუმატებლობას. საშინელი ეკონომიკური ჩაკეტვის შემდეგ, ორთვიან წარმატებას ზეიმობდნენ, გაზეთებს არიგებდნენ პანდემიაზე გამარჯვებული პარტიის სახით, ამ თემის პოლიტიზირება მოხდა. ამასობაში, დრო და 5 მილიარდი ვერ გამოიყენეს, რომელიც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა. მსოფლიოში არსებული ყველაზე ცუდი სცენარით მივდივართ – ეს არის სომხური სცენარი. სომხეთში პანდემიის პიკში არასოდეს ყოფილა ათასამდე ინფიცირებული, ყველაზე დიდი 700 იყო. როცა სომხეთს ვახსენებთ და მთავრობას ამ სიტყვის გაგონება ძალიან არ უნდა, უნდა ვიცოდეთ, რომ სომხეთში 60 ათასამდე ინფიცირებულია და, სამწუხაროდ, ათასზე მეტი დაღუპული“, – განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, გოცირიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება არჩევნებს ვერ გადადებს.

„რაც შეეხება არჩევნების გადადებას, ხელისუფლება არჩევნებს არ გადადებს, ლარი კბილებით უჭირავს და ელოდება, როგორმე არჩევნებამდე მიაღწიონ და ჩამოშლილი ეკონომიკა არჩევნების მეორე დღეს კიდევ უფრო არ ჩამოიშალოს. არჩევნებს ერთი თვითაც ვერ გადადებენ, რადგან ეკონომიკაში უმძიმესი ვითარებაა. სამწუხაროდ, ეს ვითარება მხოლოდ ხელისუფლების მიერ არის შექმნილი და მისი შეცვლა ჯანსაღი ხელისუფლებით არის შესაძლებელი“, – განაცხადა გოცირიძემ.