რომან გოცირიძე - კეზერაშვილი აკეთებს კარგ საქმეს, პოლიტიკაში არ მონაწილეობს, მელიას დააზუსტებინეთ, რა იგულისხმა
ნიკა მელია არ ამბობს, რომ კეზერაშვილი რომელიმე პარტიის წევრია. არ უნდა იყოს პოლიტიკაშიო, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ სივრცეში უნდა იყოს, სადაც არის. ანუ, მედიასივრცეში. ეს იგულისხმება ამ განცხადებაში, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ კეზერაშვილთან დაკავშირებით ნიკა მელიას გუშინდელი განცხადება.
კერძოდ, საქართველოს პირველი არხის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა: „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.
რომან გოცირიძის თქმით, კეზერაშვილი დამოუკიდებელი მედიის დამფუძნებელია, რომელიც ხალხისთვის მონაპოვარია.
„დავით კეზერაშვილი არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და არც არასდროს ყოფილა პოლიტიკურად აქტიური. ნიკა მელია არ ამბობს, რომ კეზერაშვილი რომელიმე პარტიის წევრია. არ უნდა იყოს პოლიტიკაშიო, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ სივრცეში უნდა იყოს, იმ სივრცეში, სადაც არის. ანუ, მედიასივრცეში. ეს იგულისხმება ამ განცხადებაში.
ვიცი, რომ კეზერაშვილი არ არის პოლიტიკაში, არ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ და არ არის მასთან აფილირებული. ის არის დამოუკიდებელი მედიის დამფუძნებელი, რომელიც ხალხისთვის მონაპოვარია. „იმედის“ დამფუძნებელი რუხაძე არის თუ არა „ქართული ოცნების“ წევრი? სინამდვილეში, ის კეზერაშვილისგან განსხვავებით, მართლა არის მათთან ერთად საფინანსო სექტორში თუ სამშენებლო სფეროში. ის, რომ კეზერაშვილი კრიტიკული მედიის დამფუძნებელია, შეიძლება, ვინმეს მხრიდან აღიქმებოდეს, როგორც პოლიტიკურად აქტიური“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ჟურნალისტებმა ნიკა მელიას უნდა დააზუსტებინონ, რას გულისხმობდა განცხადებაში.
„კეზერაშვილი აკეთებს კარგ საქმეს, არ მონაწილეობს პოლიტიკაში. მელიას დააზუსტებინეთ, რა იგულისხმა. ის, რომ კეზერაშვილი კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებელია, შესაძლოა, ვიღაცის თვალში აღიქმებოდეს, რომ პოლიტიკასთან იყოს კავშირში. მე ასე არ აღვიქვამ. დააზუსტებინეთ მელიას, რა იგულისხმა. შესაძლებელია, განსხვავებული მოსაზრება იყოს, თუმცა არ მგონია, ნიკა მელია ამას გულისხმობდეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.