რომან გოცირიძე - კანონის მიღებისას უნდა მოხდეს საყოველთაო გაფიცვა, მთელი საქართველო უნდა დადგეს, რომ პრორუსულ რეჟიმს ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი არ გაატანინოს
რომან გოცირიძე - კანონის მიღებისას უნდა მოხდეს საყოველთაო გაფიცვა, მთელი საქართველო უნდა დადგეს, რომ პრორუსულ რეჟიმს ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი არ გაატანინოს

კანონის მიღებისას უნდა მოხდეს საყოველთაო გაფიცვა, მთელი საქართველო უნდა დადგეს, რომ პრორუსულ რეჟიმს ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი არ გაატანინოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, გოცირიძეს კითხვა დაუსვეს, „ქართული ოცნების“ მიერ დაორგანიზებულ საყოველთაო-სახალხო შეკრების პარალელურად, გეგმავენ თუ არა 29 აპრილს ოპოზიციური პარტიები და ლიდერები აქციას.

„ვერ გეტყვით, ახალგაზრდები რას გააკეთებენ. ამ საპროტესტო აქციებში ოპოზიციური პარტიები არ მონაწილეობენ, ეს არის სტიქიური, გულწრფელი სახალხო პროტესტი, რომლის ბირთვი არის ახალგაზრდობა. ვერ გეტყვით, 29-ში რას მოიმოქმედებენ, მაგრამ ოპოზიციისთვის არსებობს სამი მნიშვნელოვანი დღე: როდესაც მეორე მოსმენით იქნება კენჭისყრა პარლამენტში; როდესაც მესამე მოსმენა იქნება და საბოლოოდ მიიღებენ; პრეზიდენტი ვეტოს რომ დაადებს, ამაში ასპროცენტიანი სიზუსტით ვარ დარწმუნებული, და ვეტოს დაძლევის დღე.

ამ პროცესში მთელი საქართველო დადგება ფეხზე და „ქართულ ოცნებას“ კანონპროექტს არ გაატანინებს. სახალხო მღელვარება იქნება. ჩემი პერსონალური აზრია, რომ ამ კანონის მიღებისას უნდა მოხდეს ის, რაც არ მომხდარა მრავალი წლის განმავლობაში – საყოველთაო გაფიცვა, გარდა კონსტიტუციით განსაზღვრული დაწესებულებებისა, როგორებიცაა სასწრაფო დახმარების და ასე შემდეგ. მთელი საქართველო უნდა დადგეს, რომ პრორუსულ რეჟიმს ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი არ გაატანინოს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.