რომან გოცირიძე - სუს-ის მოქმედებამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაღუპა
კახა კალაძე მმართველი პარტიის ნომერ მეორე პირია, პარტიის გენერალური მდივანია და თურმე, არ აინტერესებს, ქვეყანაში მოსმენების მიმართულებით რა ხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სუს-ის მოქმედებამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაღუპა.
„კახა კალაძე ამბობს, დედაქალაქის მერი ვარ და არ მაინტერესებს რა ხდება, კანალიზაცია მაინტერესებსო. კახა კალაძე მმართველი პარტიის ნომერ მეორე პირია, პარტიის გენერალური მდივანია და თურმე, ქვეყანაში მოსმენების მიმართულებით რა ხდება, არ აინტერესებს. აი, მაშინ დააინტერესებს, როცა ალბათ, მის მოსმენებსაც ვიხილავთ, რადგან მას მოუსმენლად ბიძინა ივანიშვილი არ დატოვებდა. კახა კალაძეს თავი ნარკომანიის წინააღმდეგ მებრძოლად რომ მოაქვს, მირჩევნია, მარიხუანას ეწეოდეს და კარგი მერი იყოს, ვიდრე ისეთი მერი იყოს, რომელმაც ხელში ენერგეტიკა ჩაიგდო, ხიდებს გვპირებოდა და ერთი ხიდი ვერ ააშენა. კახა კალაძე მახეში გაება, რადგან მას მახე დაუგო და ამაში თავად მოჰყვა. წავიდა ეს კაცი, გაიკეთა თმის ანალიზი. თმაში ნარკოტიკი რჩება ერთი წელი, შარდში – ერთი კვირა. ახლა კალაძე წავიდეს და უფრო სარწმუნო წყარო მოიტანოს, რომ ნარკომომხმარებელი არ არის. ნახეთ, რა მოხდა ქარელში. ყველაზე დიდი პროვოკაცია იცით რა იქნება? – მე რომ ახლა აქედან გადავხტე და ვთქვა, აი, ჩემზე კალაძის ნათქვამმა იმოქმედა-თქო.
ადამიანი სამუშაო პროცესში აივნიდან გადახტა? როცა აბსურდის დროს რაიმეს მტკიცება გვიწევს, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ აგონიაშია, არგუმენტები არ აქვთ. ადამიანი გადმოაგდეს და კალაძე ამბობს, გადმოვარდაო. ეს იცით, რას ნიშნავს? – ორი გოლი საკუთარ კარში კი არ გამიტანია, ორი გოლი კარში თავისით შევარდაო. მან დაახლოებით ასეთი უზნეო განცხადება გააკეთა. სუს-ის მოქმედებამ ესენი დაღუპა. ყველა ხელისუფლება სცოდავდა და რაღაც ჩაწერები იყო, მაგრამ 50 ათასი ფაილია, რომელიც ტოტალურად ყველას იწერს და ავრცელებს. ჩაწერაც დანაშაულია და გავრცელებაც. ამ ქმედების მიზანია ფულიანი ადამიანისთვის ძალაუფლების შენარჩუნება და მისი ფინანსების ზრდა. ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნება“ ფეხებზე ჰკიდია, მას აინტერესებს ის, რომ თავის ფულს მოუაროს“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.