რომან გოცირიძე - ივნისის ბოლოს რეიტინგებიც გაიზომება, ყველა დაინახავს, ამ სტრუქტურით გასვლა ცვლის ხელისუფლებას თუ აგვეხილება მთელ ოპოზიციას თვალები და ერთ მძლავრ ოპოზიციურ ცენტრს შევქმნით
ივნისის ბოლოს რეიტინგებიც გაიზომება, ყველა ნათლად დაინახავს, ამ სტრუქტურით გასვლა ცვლის ხელისუფლებას თუ აგვეხილება მთელ ოპოზიციას თვალები და ერთ მძლავრ ოპოზიციურ ცენტრს შევქმნით, სადაც იქნება „ლელოც“, მელიას პარტიაც, „გირჩიც“, მთელი საპარლამენტო ოპოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, იქნება თუ არა ამ გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობა“, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია თვითკმარი პარტიები არიან და მათ აღნიშნული არ სჭირდებათ.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, „ლელოსაც“ სჭირდება სხვა პარტიებთან გაერთიანება, ვინაიდან ცალკე მხოლოდ 5-პროცენტიანი ბარიერის გადასალახავად ბრძოლას შეძლებს.
მისივე თქმით, თუ ოპოზიცია დიდი კოალიციის ჩამოყალიბებას მოახერხებს, “ქართული ოცნების” ხელისუფლება შეიცვლება.
„„ლელო“ რისთვის იბრძოლებს, ხუთპროცენტიანი ბარიერის გადასალახად თუ „ლელოსთან“ ერთად ჩვენ, ყველა ერთად, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიცია ვინც ვართ, უამრავი ცალკეული დეპუტატი, პოლიტიკური ჯგუფები, არასაპარლამენტო ოპოზიციაც არის, „რესპუბლიკური პარტია“, ანუ, დიდი კოალიციის ჩამოყალიბების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იცვლება. დაქუცმაცებული, ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის მსურველი პარტიების შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ მიაქვს ოპოზიციის ხმები. ეს რეალობაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე სადღაც ოთხი თვით ადრე ოპოზიცია გააცნობიერებს. დღეს მიდის საკუთარი თავის ძიების პროცესი ოპოზიციურ ფლანგზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.