რომან გოცირიძე - ივანიშვილის განცხადებამ ხაზი გადაუსვა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიაში დაადანაშაულა
რომან გოცირიძე - ივანიშვილის განცხადებამ ხაზი გადაუსვა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიაში დაადანაშაულა

ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ ხაზი გადაუსვა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიაში დაადანაშაულა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

გოცირიძის თქმით, „ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთი გაამართლა და საქართველოს ხელისუფლება ომის დაწყებაში დაადანაშაულა“.

„ეს ნიშნავდა არა ბოდიშს აფხაზებისა და ოსების მიმართ, არამედ ბოდიშს აგრესორი სახელმწიფოს, რუსეთის წინაშე. ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა ბოდიში მოუხადა პუტინს. ეს არის ძალიან დამაზიანებელი და ქვეყნის ინტერესების ღალატი. ხელისუფლების წარმომადგენელი მსგავს განცხადებას როცა აკეთებს და ამას მთელი საერთაშორისო საზოგადოება ისმენს, შეგვიძლია, ეს განცხადება რუსეთის სასარგებლოდ შეგნებულ ნაბიჯად ჩავთვალოთ. კერძოდ, იმ პრორუსული პოლიტიკის გაგრძელებად, რასაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში აწარმოებს. ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა ამერიკა და დასავლეთი ომის დაწყებაში დაადანაშაულა. ამით მან ბოდიში მოუხადა პუტინს, თურმე ბოროტი, „გლობალური ომის პარტიის“, დასავლეთის წაქეზებით საქართველომ საომარი მოქმედება წამოიწყო, და ამით ხაზი გადაუსვა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის ხელისუფლება დამნაშავედ ცნო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.