არამოსამართლე წევრებმა ითამაშეს უკიდურესად დადებითი როლი სასამართლოში არსებული კლანის ლუსტრაციაში, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ საბჭოში ანა დოლიძის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნას.
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭო არის დასაშლელი.
„დიმიტრი გვრიტიშვილმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს პრეზიდენტს ოფიციალური განცხადებით, ვინაიდან ჩვენ შეიძლება დავიწყოთ პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ვიდრე ეს პროცესი დაიწყება, შეიძლება პრეზიდენტი არც დახვდეს ბატონ გვრიტიშვილს. იუსტიციის საბჭო არის დასაშლელი, ძალიან არასერიოზულია ამაზე კომენტარის გაკეთება. ეს ფაქტობრივად არის კლანის ზედა ნაწილი. ვიდრე სასამართლო კლანი იარსებებს, მანამდე საქართველოში სამართლიანი მართლმსაჯულება არ იქნება და ალბათ დადგება საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის ძირეული რეფორმის დრო. რომ არა არამოსამართლე წევრები, ბევრი რამ არ გვეცოდინებოდა იმ უმსგავსობების და კლანური მმართველობის, რაც სასამართლოშია. არამოსამართლე წევრებმა ითამაშეს უკიდურესად დადებითი როლი სასამართლოში არსებული კლანის ლუსტრაციაში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყვიტოს. მიმართვა გვრიტიშვილმა დღეს საბჭოს წევრებს გააცნო. ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები მხარს უჭერენ.