რომან გოცირიძე ითხოვს, პარლამენტმა დაუყოვნებლივ, ჩვეულ რეჟიმში დაიწყოს საქმიანობა
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, საკანონმდებლო ორგანომ საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში, დაუყოვნებლივ დაიწყოს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გოცირიძემ განაცხადა, პარლამენტის კომიტეტებმა უნდა განაახლონ საქმიანობა და პლენარული სხდომები გაიმართოს.
გოცირიძე აღნიშნავს, რომ პარლამენტის საქმიანობის განახლება სავსებით შესაძლებელია იმ ნორმების დაცვით, რასაც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის წესები ითვალისწინებს.
დეპუტატი ამბობს, რომ მთავრობამ პარლამენტს დროულად უნდა წარუდგინოს საგანგებო ბიუჯეტი და ანტიკრიზიული გეგმა, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი ის დახმარებები, რაც მოქალაქეებისა და ბიზნესის გადასარჩენად აუციელებელია.
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც არის ცარიელი და რომელსაც, დიდი ბოქლომი ადევს. დღეს, როცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პარლამენტი განსაკუთრებით დატვირთვით უნდა მუშაობდეს და იხილებოდეს უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი ასობით, ათასი ჩვენი მოქალაქისთვის მხარდაჭერის გეგმა. დღეს, ფაქტობრივად, პარლამენტი ნებაყოფილობით შვებულებაშია გასული. საგანგებო მდგომაროებამ ქვეყნის წინაშე უამრავი პრობლემა წარმოშვა, შეჩერებულია კონსტიტუციის მრავალი ნორმა, მათ შორის ისეთი, რომელიც პირდაპირ იცავს ადამიანის უფლებებს. ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვევა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმმა შექმნა უამრავი პრობლემა, მათ შორის ელემენტარული არსებობის უფლება ჩამოერთვა ასობით ათას მოქალაქეს, რომლებიც დარჩნენ უმუშევარი და გამოკეტილი საქართველოს ქალაქებში“, – აცხადებს დეპუტატი.
გოცირიძე მიიჩნევს, რომ პარლამეტის განსაკუთრებული ვალია, განახორციელოს თავისი მაკონტროლებელი და საზედამხედველო ფუნქციები აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.
„იმ ხელისუფლებაზე, რომელსაც დღეს, რეალური გეგმაც კი არ აქვს წარმოდგენილი, თუ როდის დაიწყებს პირდაპირი სოციალური დახმარებების გაცემას. დიდი ხანია, ევროპის ყველა სახელმწიფომ ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა, რაც უმძიმესი კრიზისის პირობებში საკუთარ მოქალაქეებს ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერა გაუწიეს. დღეს, საქართველოს მთავრობა მექანიზმებზე ფიქრობს და არავინ იცის, თუ როდის დაიწყება ის მწირი და უსამართლოდ გაწეული დახმარებენის დარიგება, რომელსაც ხალხი ელოდება. საქართველოს მთავრობა 600 ათასი ჩვენი თანამოქალაქე, რომელსაც თვითდასაქმებულებს უწოდებენ, გაწირა შიმშილისთვის. ამიტომ, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს საგანგებო ბიუჯეტზე, რომელიც დღეს არ წარუდგენია მთავრობას. მთავრობა რამდენიმე მილიარდის დახარჯვას ისე აპირებს, რომ ხალხს არაფერს ეკითხება, რადგან პარლამენტი არის ხალხის წარმომადგენელი და ნებისმიერი ხარჯი გაწეული უნდა იყოს პარლამენტის თანხმობით, თითოეულ თეთრზე კონტროლით“, – დასძინა გოცირიძემ.