რომან გოცირიძე ინიციატივით გამოდის, მოკლევადიანი, საინვესტიციო და უვადო ბინადრობის ნებართვის მიღებისთვის შესაბამისი განაკვეთები ორჯერ გაიზარდოს
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ინიციატივით გამოდის, რომ მოკლევადიანი, საინვესტიციო და უვადო ბინადრობის ნებართვის მიღებისთვის შესაბამისი განაკვეთები ორჯერ გაიზარდოს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.
ცვლილებებით, უცხოელის მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭება განხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე 200 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობაზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის გზით, ნაცვლად 100 000 აშშ დოლარის. ასევე, გაიზრდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღებისთვის საჭირო ფინანსური განაკვეთიც და მას უცხოელი და მისი ოჯახის წევრი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ის „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ კანონის შესაბამისად განახორციელებს არანაკლებ 600 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციას (ნაცვლად 300 000 აშშ დოლარისა) ან საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრებას შეიძენს ამ თანხაზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავ ნივთზე. კანონპროექტით, პროპორციულად გაიზრდება უვადო ბინადრობის ნებართვის მისაღებად გათვალისწინებული ზღვრებიც.
კერძოდ, უვადო ბინადრობის ნებართვის გაცემა მოხდება უცხოელის და მისი ოჯახის წევრების მიმართ, რომელმაც 600 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის საფუძველზე მიიღო საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა და მას უდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში – არანაკლებ 100 000, მეორე წლის განმავლობაში – არანაკლებ 200 000, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში არანაკლებ 240 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის წლიური ბრუნვა ან 600 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე მეტი საბაზრო ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში აქვს ამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება.
რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ ცვლილებები პოზიტიურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, მათ შორის, უცხოური ვალუტის შემოდინების კუთხითაც, რადგანაც ქვეყანაში გაზრდილი ინვესტიციები შემოვა, ხოლო ინვესტორები მიიღებენ ბინადრობის ნებართვებს საქართველოში შედარებით უფრო მოცულობითი ფინანსური ბრუნვის ფონზე.