რომან გოცირიძე - გუშინდელი აქციის მონაწილეები მთავრობის მოკავშირეები არიან და ხელისუფლებას შავი საქმეების მათი ხელით გაკეთება სურს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც გუშინ აქციას მართავდნენ, მთავრობის მოკავშირეები არიან და მათი გამოყენება ყოველთვის მაშინ ხდება, როდესაც ისეთი მიზნების დასრულება სურთ, რომელის გახმოვანებაც მათი მხრიდან ამა თუ იმ მიზეზით, დაუშვებელია.
როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ხალხი, რომელიც აქციაზე იყო, ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი და ბნელი მხარეა.
„ძალიან სასაცილოა საუბარი, რომ ახლა ვიღაცას დასჯიან. ეს მოსახლეობის თვალის ასახვევად კეთდება. ერთი წლის წინ ეს ველური ადამიანები თავს, რომ დაესხნენ „რუსთავი 2“-ის მანქანას და დაამსხვრიეს, გამოძიება დაიწყო, ვინ დააკავეს. ყველაფერი წვრილმანი ჯარიმით მთავრდება. ხელისუფლება თავად არის ამ დანაშაულების წამხალისებელი და ფაქტობრივად უნდა შავი საქმეები მათი ხელით გააკეთოს. ამიტომ პასუხისმგებელი პირველ რიგში ხელისუფლება და ივანიშვილია, რომელიც კულუარულ თამაშებს ეწევა. მათშორის არჩევნებში კრიმინალებთან, მოძალადე მღვდლებთან. სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ ამ უკანონო აქციებში. ამიტომ ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და საზოგადოებას აუხსნას თუ რატომ აფარებს ხელს ყოველ მსგავს აგრესიულ გამოვლინებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისივე თქმით, გამოძიება, რომელიც შსს-მ დაიწყო, ეს არის საზოგადოებისა და მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად.
„ამ შვიდი წელიწადში საქართველოში ვინმე მოძალადე დასჯილა, გარდა 100-ლარიანი ჯარიმისა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც დეპუტატ ლორთქიფანიძეს „დოლჩე და გაბანას“ პიჯაკის სახელური მცირედით დაუზიანეს და ოპოზიციის წარმომადგენელი ექვსი თვით ციხეში ჩასვეს. ყველაფერი ფაქტობრივად ამ ჯგუფების დანაშაულებრივი ქმედებების დასაფარად ან საჭირო შემთხვევაში წასახალისებლად კეთდება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.