რომან გოცირიძე გიორგი გახარიას მიმართავს - საქართველოს გარდა, დაასახელეთ ერთი ქვეყანა მაინც, რომელმაც კორონავირუსის პანდემიისას მოქალაქეებს არც ერთი თეთრი ფულადი დახმარება არ გაუწია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი StopCoV ფონდი გაუმჭვირვალეა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფონდში 133 მილიონი ლარია აკუმულირებული და გაუგებარია, რაში იხარჯება თანხა.
ამასთან, გოცირიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა, საქართველოს გარდა, დაასახელოს ერთი ქვეყანა მაინც, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მოქალაქეებს არც ერთი თეთრი ფულადი დახმარება არ გაუწია.
„დაასახელეთ მსოფლიოში ერთი ქვეყანა მაინც, გარდა საქართველოსი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საკუთარ მოქალაქეებს არ გაუწია არც ერთი თეთრი ფულადი დახმარება. მე თქვენ წერილი მოგწერეთ და მაინტერესებდა კოვიდ ფონდის ხარჯვის შესახებ, რატომ არის ეს ფონდი გაუმჭვირვალე? ამ ფონდში 133 მილიონი ლარია აკუმულირებული და რაში ხარჯავთ, ჯერ პასუხი არ მიგვიღია. თურმე, თქვენგან ახლა გავიგე, რომ აღნიშნული ფონდი სარეზერვოდ ყოფილა. ბატონ ბიძინას მადლობა გადაუხადეთ, მისი 100 მილიონიცაა ფონდში და ამას გამოიყენებთ თურმე მერე. ის ფული, რომელიც შემდეგ შემოვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სარეზერვოდ გამოიყენეთ და რომელიც დევს, ახლა დახარჯეთ. თქვენივე არასწორი სქემით, რომლის მიხედვითაც, თვითდასაქმებულებს 300 ლარს აძლევთ და თანაც, ნახევარზე მეტს არ აძლევთ, რომ გამოიყენოთ 1300 მილიონი ლარი, 443 000 თვითდასაქმებულს შეგიძლიათ, რომ მისცეთ 300 ლარიანი დახმარება, რატომ არ აკეთებთ ამას? ალბათ იმიტომ არ აკეთებთ, რომ იქ ბატონი ივანიშვილის ფული დევს. ელოდებით მისგან ნებართვას და შეიძლება, ისეთი უცნაურობა განმეორდეს, რაც მოხდა წინა პერიოდში, როდესაც მან 80 მილიონი გაიღო მხარდაჭერისთვის, როდესაც სტიქია მოხდა, მერე ხელისუფლებაში მოვიდა და ეს 80 მილიონი უკან დაიბრუნა. თქვენ არ გაქვთ ამ ფულის განკარგვის უფლება?“,- მიმართა პლენარულ სხდომაზე რომან გოცირიძემ გიორგი გახარიას, რომელიც დეპუტატებს კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის ორი თვის საქმიანობის ანგარიშს აცნობს.