რომან გოცირიძე - გედევან ფოფხაძის განცხადება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს
რომან გოცირიძე - გედევან ფოფხაძის განცხადება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, გედევან ფოფხაძემ უკიდურესად დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა.

„ეს განცხადება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და პარლამენტის ხელმძღვანელობამ დაუყონებლივ უნდა გააკეთოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ის დეპუტატის პოზიციას ემიჯნება, გედევან ფოფხაძემ კი, საზოგადოების წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს. ეს არის დანაშაულებრივი განცხადება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. საზოგადოებაში მსგავსი განწყობილების შექმნა მიმართულია საარჩევნო პროცესებზე ზემოქმედებისკენ, რადგან „ქართული ოცნების“ კანდიდატი ოპოზიციის შედეგს 300 ათასი ხმით ჩამორჩება. ამის ანაზღაურება ორ კვირაში შეუძლებელია და ხალხის დაშინებას ყველანაირად ცდილობენ. ეს უპასუხისმგებლო განცხადებები ამ მიზნებს ემსახურება. არჩევნებზე მაღლა ქვეყნის უსაფრთხოება და ხალხის კეთილდღეობა დგას. ვინც მსგავს განცხადებას აკეთებს, პარლამენტში მისი ადგილი არ არის. უმრავლესობამ ანტიკონსტიტიციურ განცხადებას უნდა გაემიჯნოს”, – განაცხადა გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ დღეს განაცხადა, რომ თუ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ეს სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს.