რომან გოცირიძე - გახარიასა და ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო
გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, არჩევნების წინ წარმოდგენილ ოთხივე ოპოზიციურ ბლოკს აქვს ბარიერის დაძლევის შანსი, თუმცა ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა.
„ოპოზიციამ მაინც გამოიჩინა შეგნებულობა და სამი თვის წინანდელ მდგომარეობას თუ შევადარებთ, როცა ყველა ამბობდა, რომ ცალ-ცალკე გავიდოდა და 5%-ს გადალახავდა, მიხვდნენ რა გაერთიანების აუცილებლობას, გაერთიანდნენ. არჩევნების წინ ოპოზიცია წარმოდგენილია ოთხი ბლოკით, დიდი ალბათობით ოთხივეს აქვს ბარიერის დაძლევის შანსი, თუმცა ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა. რისკები არსებობს, თუმცა დრო ჯერ კიდევ არის. ოპოზიციის კარგი მუშაობის შემთხვევაში, თუ ბარიერს ოთხივე ოპოზიციური გაერთიანება გადალახავს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა შეუძლებელია“, – განაცხადა გოცირიძემ.