რომან გოცირიძე - ფინანსების გამჭვირვალობა საგადასახადო სამსახურის პრეროგატივაა, დეკლარირების ვალდებულება არ აქვს არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას
ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის რუსული კანონის კოპირება და მასში ჩადებულია ისეთი რეპრესიული მექანიზმები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს აძლევს ფინანსების შემოწმების, არასამთავრობო ორგანიზაციების დაჯარიმების და დახურვის უფლებას.
გოცირიძის თქმით, მმართველი პარტია, რომელიც კანონპროექტის ინიციატორია, ცრუობს, რადგან ევროპაში მსგავსი კანონი არ მიღებულა და არც მიიღება.
„„ქართული ოცნება“ მატყუარაა. სიცრუე, ორპირობა, დეზინფორმაცია, დემაგოგია – ეს არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული იარაღი. არსად ევროპაში მსგავსი კანონი არ მიღებულა და არც მიიღება. ევროპაში მისაღები კანონი არ ეხება ევროკავშირის ქვეყნებს და ამ ქვეყნებიდან გამოყოფილ ფონდებს. ეს კანონები მიმართულია რუსეთისა და ავტორიტარული ქვეყნების წინააღმდეგ, ისევე როგორც ამერიკულ კანონმდებლობაში არის ისეთი მუხლები, რომლებიც მიმართული არ არის მეგობარი სახელმწიფოებისკენ. ეს კანონი არის რუსული კანონის კოპირება. მასში ჩადებულია ისეთი რეპრესიული მექანიზმები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს აძლევს ფინანსების შემოწმების, არასამთავრობო ორგანიზაციების დაჯარიმების და დახურვის უფლებას. ფინანსების გამჭვირვალობა, საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონმდებლობით, საგადასახადო სამსახურის პრეროგატივაა. არავითარი დეკლარირების ვალდებულება არ აქვს არცერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას. სისულელეა, პრემიერ-მინისტრმა თქვა, თურმე 85 მილიონი შემოვიდაო და 15 მილიონი დაადეკლარირესო. არ არსებობს დეკლარირების ვალდებულება. მათი ვალდებულებაა საგადასახადო ორგანოების წინაშე, იხდიან თუ არა გადასახადებს. ამის მეტი არავითარი ფინანსური და დეკლარირების ვალდებულება არავის აქვს. ისევ გამოგონილი, ცრუ თემებით უნდათ, მოატყუონ ჩვენი მოქალაქეები. ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია აჩვენებს, თუ რაში დაიხარჯა ფული. ხელფასში თუ დაიხარჯა, იხდის საშემოსავლო გადასახადს, ასევე საპენსიო შენატანს და თუ მოგებას იღებს, იხდის მოგების გადასახადს. ეს არის ის ნორმა ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე, რაც იურიდიული თუ ფიზიკური პირის ფინანსურ გამჭვირვალობას ეხება. არცერთი თეთრი არ იხარჯება, თუ ეს არ არის რაიმე ფორმის კავშირში საგადასახადო გამჭვირვალობასთან“, – განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობას მიიღებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ჩართული და არასდროს არავითარ განხილვებზე ბოიკოტში არ ვმონაწილეობთ. კიდევ ერთხელ ვამხელთ. ვნახოთ. მაშინ იურიდიულ კომიტეტსა და სხვა კომიტეტებზე რა ამბები დატრიალდა, კარგად გახსოვთ. ნუ ეთამაშებიან ხალხის განწყობილებას. ეს ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი დაუჯდება „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში. ამავე დროს, პროტესტი იქნება გამოხატული თუ რა ფორმით იქნება, ამას ვნახავთ“, – განაცხადა გოცირიძემ.