რომან გოცირიძე - ფაქტია, რომ სტრასბურგის სასამართლოს შეცდომა მოუვიდა
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე შეცდომა დაუშვა.
როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, არ არსებობს სასამართლო, რომელიც არ ცდება.
მისი თქმით, ევროსასამართლომ არ იმსჯელა ხარისხიანად, მხოლოდ ერთი მიმართულებით იმსჯელა და დანარჩენი საკითხები არ განიხილა.
„შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს დაუშვებელი შეცდომა მოუვიდა. ძალიან ძნელია რამე მოტივების თქმა. არის სხვადასხვა ქვეყნის მოსამართლე. მათ შორის, ერთ-ერთი მოსამართლეა, რომელსაც ამ ადამიანებთან მრავალთვიანი კონტაქტი ჰქონდა. ეს იყო ლადო ჭანტურია, რომელიც არის პირდაპირ ყურმოჭრილი ადამიანი, ივანიშვილის მიერ დანიშნული და პირდაპირ ხაზზე იყო თეა წულუკიანთან. ამ შემთხვევაში, ლადო ჭანტურიას როლი უკიდურესად ცუდი იყო, ტენდენციური მოსამართლე იყო. სტრასბურგის სასამართლო ძალიან ცუდად მოიქცა, რომ ლადო ჭანტურიას აცილება არ მისცა. თითოეული მოსამართლის ბიოგრაფია გავაანალიზეთ. მათ შორის, ერთ-ერთის, რომელიც კავკასიურ საკითხებში მუშაობდა, რომელსაც გარკვეული სიმპატიები ჰქონდა, არ დავასახელებ რომელი სახელმწიფოს მოსამართლეა“, – განაცხადა გოცირიძემ.
დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მთავარი აქცენტი აღებული ჰქონდა ლადო ჭანტურიას მუშაობაზე და მის ურთიერთობებზე იმ მოსამართლეებთან, რომლებთანაც ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა.
„გამორიცხული არ არის, რომ საქმის მსვლელობა ასეთი ნეგატიური მიმართულებით მისი დამსახურება იყოს. შეცდომა ყველა სასამართლოს მოსდის. სასამართლოს შეცდომისკენ ხშირად უბიძგებს ხოლმე გარკვეული ქმედებები და მათ შორის, მოსამართლეთა პირადი ურთიერთობებიც. დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდით, რომ ლადო ჭანტურია ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა, მას პირდაპირი კავშირი ჰქონდა წულუკიანთან, ივანიშვილთან და ინფორმაცია დიდი ხნის განმავლობაში მოდიოდა, რომ ჭანტურია მოსამართლეებთან პერსონალურ ახსნა-განმარტებას ეწეოდა. არ არის გამორიცხული, რომ კოლეგის აქტიურობამ გავლენა მოახდინა შედეგებზე, თუმცა არ ვამტკიცებთ, რომ ჭანტურიას ფაქტორი იყო გადამწყვეტი. ფაქტია, რომ სტრასბურგის სასამართლოს შეცდომა მოუვიდა, შეცდომები მომხდარა და მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს საქმიანობაში“, – ამბობს დეპუტატი.
გოცირიძე აცხადებს, რომ ფაქტიურად, ლადო ჭანტურია „ქართული ოცნების“ ფრთას წარმოადგენდა და მიუხედავად ამისა, სტრასბურგის სასამართლომ მისი აცილება არ მოახდინა.
„ერთ-ერთ მოსამართლედ დარჩა, რაც იმის მანიშნებელია, რომ სტრასბურგის სასამართლოში კარგად ვერ შეაფასეს ის როლი, რა გავლენას ახდენს საქართველოში მოსამართლეებზე პოლიტიკური ხელისუფლება, თუ რა დაბეჩავებულ მდგომარეობაშია სასამართლოს სისტემა. ვხედავთ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა არ არსებობს და სისტემის ღვიძლი შვილი იყო ლადო ჭანტურია. მათ საქართველოში არსებული სასამართლო პროცესები კარგად რომ შეესწავლათ, მათ შორის კლანური მმართველობა, რაც სასამართლოშია, ბატალიები, რაც ახლა ხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში და ამის გამო „ქართული ოცნება“ ლამის დაიშალა, ასევე არაფორმალური მმართველის გავლენა, ისინი ლადო ჭანტურიას არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდნენ „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველ მოსამართლედ, მისი აცილება მოხდებოდა. რადგან ეს არ მოხდა, სამწუხაროდ, მათ ძალიან ცუდად იციან სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა და მათ შორის ივანიშვილის, წულუკიანისა და სხვათა როლი სასამართლოზე ზეწოლის კუთხით“, – აღნიშნავს გოცირიძე.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ არც ერთი საზოგადოებრივი ინსტიტუტის გადაწყვეტილების მიღება არ ხდება კრიტიკის გარეშე.
„ვინაიდან, სტრასბურგის სასამართლომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების რევიზია არ არის საჭირო. მით უმეტეს, ევროსასამართლოს თავის დროზე მოსვლია შეცდომები და ამის გამოსწორების ერთ-ერთი ფორმა მისი გასაჩივრებაა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით გასაჩივრების შესაძლებლობაც მოსპო, რაც ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარვეზია“, – დასძინა რომან გოცირიძემ.