რომან გოცირიძე - ევროპარლამენტარების განცხადება ადასტურებს დიდ ინტერესს, რომელსაც პარტნიორი სახელმწიფოები საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ იჩენენ
ევროპარლამენტარების განცხადება ადასტურებს იმ დიდ ინტერესს, რომელსაც პარტნიორი სახელმწიფოები საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და განსაკუთრებით არჩევნების მიმართ იჩენენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძის თქმით, ქვეყანას არჩევნების გაყალბება და მისი არადემოკრატიული ფორმით ჩატარება ძალიან მძიმედ დაუჯდება.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ შეფასებები უმძიმესია და კვლავ ნახსენებია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყანა იმართება „ჩრდილოვანი მეთოდით“. ასევე საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში კვლავ არიან „პოლიტიკური პატიმრები“ და პირდაპირ მოუწოდებენ გიორგი რურუას გათავისუფლებას. კვლავ საუბარია იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული და სამართლიანი მართლმასაჯულება, სასამართლო იმართება პოლიტიკური პარტიის მიერ და რომ დღეს, სასამართლო ერთი ადამიანის პოლიტიკური ინტერესების გამტარებლად გადაიქცა.
მიუხედავად ამისა, ევროკავშირი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს მოქალაქეებს, მის სვლას ევროატლანტიკური სივრცისკენ. საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძალიან მძიმე შეფასებებია. არავის აპატიებენ არჩევნების გაყალბებას, არჩევნების დროს ძალადობას, მოსყიდვას, დაშინებას, ადმინისტრაციული და სხვა სახის რესურსის გამოყენებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს, გოცირიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ სწორი ტაქტიკა აირჩია.
„კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღეთ, ეს არსებითად არაფერს ცვლის, რადგან მაშინ ეს იყო ოპოზიციის პროტესტი. შედეგი იზომება ამა თუ იმ გადაწყვეტილების მართებულობით. შედეგია ის, რომ დღეს არის პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა -120/30-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პროტესტმა შედეგი გამოიღო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.