რომან გოცირიძე - ევროკავშირის მისიების განცხადება ნიშნავს, რომ უნდა გადადგნენ გომელაური და ღარიბაშვილი
ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ უნდა გადადგნენ გომელაური და ღარიბაშვილი. არგადადგომის შემთხვევაში იქნება სერიოზული სანქციები, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების განცხადებას.
„არათუ ევროკავშირის 290 მილიონი ლარი, რომელიც ჩადებულია ამ წლის ბიუჯეტში, არამედ საფრთხე დაემუქრება იმ ოთხ მილიარდსაც, რომელიც ქართველი ხალხისთვის დახმარებაა და არა მოძალადე მთავრობის. საქართველო დარჩება უკიდურესად შელახული რეპუტაციის მქონე ქვეყნად. არც ინვესტიციები შემოვა და არც საერთაშორისო დახმარება იქნება გაწეული. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ხნით გადაიდება ჩვენი ინტეგრაცია ნატო-ში და ევროკავშირში. საქართველოს მეზობელი ქვეყნები აქცევენ ზურგს“, – განაცხადა გოცირიძემ.
საქართველოში აკრედიტებულმა ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებმა საქართველოს მთავრობას 5 ივლისს, თბილისი პრაიდის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და შემდგომ რეაგირებასთან დაკავშირებით წერილით მიმართეს.