რომან გოცირიძე - ექვსი თვის განმავლობაში ლარი ცოცვა-ცოცვით კატასტროფულ ნიშნულს მიუახლოვდა
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ რასაც ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი და მთავრობა სჩადიან, შეიძლება, შეფასდეს, როგორც დანაშაულებრივი უმოქმედობა.
როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, ექვსი თვის განმავლობაში ლარი ცოცვა-ცოცვით კატასტროფულ ნიშნულს მიუახლოვდა.
მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ლარის გამყარების მიზნით, ეროვნულ ბანკსა და მთავრობას ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამთ, რაც კაპიტულაციაა მოვლენების წინაშე.
„ბედს არიან მინდობილი და ჰგონიათ, რომ ლარი თავისით დასტაბილურდება. თავისით არაფერი ხდება. ძალიან სავალალოა, რომ ლარის გაუფასურებას რუსეთიდან ტურისტული ნაკადის კლებას აბრალებენ. საქართველოში ტურიზმი გაიზრდება, ცხრა მილიონს მიაღწევს და ამ სფეროდან შემოსავალი თანხა იმაზე მეტი იქნება, ვიდრე შარშან იყო იმის მიუხედავად, რუსეთიდან ნაკლები ტურისტი შემოვა თუ არა. პრობლემების გადაბრალება იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში იმ სიღრმისეულ მოვლენებს ვერ აცნობიერებენ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება“, – აღნიშნავს გოცირიძე.
დეპუტატი ამბობს, რომ ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოდის და პირიქით, კაპიტალი გადის.
„ქვეყანა ბიზნესის წარმოებისთვის არამიმზიდველი გახდა. რაც შვიდ წელში გააფუჭეს, შვიდ დღეში არ გამოსწორდება, მაგრამ მთავრობა და ეროვნული ბანკი იმისთვის არსებობენ, რომ კრიზისულ ვითარებაში ბერკეტები გამოიყენონ, რაც გააჩნიათ. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უნდა ასწიოს, რეფინანსირების სესხები უნდა შეამციროს. ამავდროულად, მთავრობამ ბიუჯეტის კორექტირება უნდა მოახდინოს, ქამრები მოიჭიროს და არარაციონალური ხარჯები შეკვეცოს. ეს ღონისძიებები ერთდროულად უნდა ჩაატარონ და შესაძლებელია ლარის არა დასტაბილურება, არამედ მნიშვნელოვნად გამყარება. ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, სხედან და ციდან რაღაც ძალის მოვლინებას ელოდებიან, რომელიც ლარს გაამყარებს“, – აღნიშნავს გოცირიძე.