რომან გოცირიძე - ეჭვი მეპარება, რომ ღირსებისა და პროფესიული ნიშნების მქონე ადამიანმა ამ მინისტრთა კაბინეტში გადაწყვიტოს მუშაობა
ამოიწურა ,,ქართუს” რეზერვი და ნურც ის გაგვიკვირდება თუ ,,ქართუს” მზარეულს ვიხილავთ მინისტრთა კაბინეტში, – ასე აფასებს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს.
რომან გოცირიძე ამბობს, რომ აქამდეც სამთავრობო გუნდი მხოლოდ „ქართუ ბანკის“ ან მასთან დაკავშირებული სტრუქტურების კადრებით კომპლექტდებოდა და მინისტრები პოსტებზე ამ ნიშნით ინიშნებოდნენ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ოპტიმიზაციის შემდგომ შემცირებულ მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა, რამდენიმე ახალი სახე, მათ შორის საზღვარგარეთ მოღვაწე მოწვეული კადრები იყვნენ, ამ იდეის წარმატებაში რომან გოცირიძეს ეჭვი ეპარება.
„ახლა უვე უცხოეთში ეძებენ, უცხოეთი ბუნებრივია, რომ არ არის „ქართუს“ გავლენის სფეროში. კარგი იქნება თუ მართლა რომელიმე პროფესიონალს მოიწვევენ საზღვარგარეთიდან, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ღირსებისა და პროფესიული ნიშნების მქონე ადამიანმა ამ მინისტრთა კაბინეტში გადაწყვიტოს მუშაობა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.