რომან გოცირიძე - დამოუკიდებელ მედიას დღეს ქვეყანაში ისე უჭირს, როგორც არასდროს
დამოუკიდებელ მედიას დღეს ქვეყანაში ისე უჭირს, როგორც არასდროს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე, რომლის თანახმად, „მისი მმართველობის დროს მედია ბევრად დამოუკიდებელი იყო, ვიდრე ახლა და პოლიტიკოსები საერთოდ არ ისხდნენ ციხეში“.
გოცირიძის თქმით, ზემოქმედების უამრავი ფორმა არსებობს და დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მედია კანონების შეცვლითა თუ სარეკლამო ბაზარზე მათი როლით.
„იმის მიუხედავად, რომ იყო შეცდომები, ყველაზე ცუდი მაგალითია „იმედთან“ დაკავშირებით, რომელსაც ჰქონდა თავისი კონტექსტი. მაშინ, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა. ახლა „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ძალიან კარგად ვიცით. არის ტელევიზიები, რომელთაც ერთი ლარი არ აპატიეს, სხვა ტელევიზიებს კი 27 მილიონი ლარის ოდენობის საბიუჯეტო დავალიანება აქვთ და არაფერს სთხოვენ. ამიტომ, ზემოქმედების უამრავი ფორმა არსებობს – როგორც პირდაპირი, ფინანსური, ასევე ირიბი. ასე რომ, დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მედია კანონების შეცვლით, სარეკლამო ბაზარზე მათი როლით და ა.შ. ამიტომ, თუ ჩვენ ამას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ დამოუკიდებელ მედიას დღეს ქვეყანაში ისე უჭირს, როგორც არასდროს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.