რომან გოცირიძე - ჩემი პირადი აზრია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა აუცილებელია
რომან გოცირიძე - ჩემი პირადი აზრია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა აუცილებელია

ჩემი პირადი აზრია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა აუცილებელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტიაში ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილებაც მალე იქნება მიღებული.

როგორც გოცირიძე აცხადებს, პარტიის გარკვეული წევრები პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი არიან.

„პარტიაში მიდის კონსულტაციები. მალე მიიღებს პარტია გადაწყვეტილებას. ჩემი პირადი აზრია, რომ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, აუცილებელია, „ნაციონალური მოძრაობა“ შევიდეს პარლამენტში, როგორც საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, ასევე ქვეყნის მომავალი განვითარების კუთხითაც, ვინაიდან რიგგარეშე არჩევნების და ხელისუფლების შეცვლის გარანტი ამ შემთხვევაში არის ოპოზიციის ერთიანობა და „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ოპოზიციურ ფლანგზე „ნაციონალური მოძრაობის“ მაკონსოლიდირებელი როლი იქნება წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ექნება აზრი და თუკი ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდება, ცუდი იქნება. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, პარლამენტს გარეთ, საერთაშორისო დახმარების მობილიზაციის კუთხით უნდა მომძლავრდეს, რათა საბოლოო ჯამში, ქვეყანა დავაყენოთ სწორ გზაზე. ზოგადად, მე მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს პარლამენტში და მიიღოს მონაწილეობა იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხორცილებაში, რომელიც საერთაშორისო მონაწილეობით იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, უკვე დღეიდან უნდა მოვემზადოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის.

ზოგი ემხრობა, ზოგი წინააღმდეგია. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა პარტიისთვის და როდესაც ასე ღიად ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვცდილობთ მოწინააღმდეგეების გადარწმუნებას“, – განაცხადა გოცირიძემ.