რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილმა „გალერი“ თვითღირებულებით მომყიდოს, ერთ კვირაში გავყიდი და 10 მილიონს მოვიგებ
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
ჟურნალისტებთან საუბარში რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის ქველმოქმედება და საქველმოქმედო საქმიანობაში ფულის დახარჯვა მისი ხელისუფლებაში მოსვლით დაგვირგვინდა.
„ბიძინა ივანიშვილმა შოთა რუსთაველის ბრძნული სიტყვები მოიშველია – „რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია“. მან თქვა, ქველმოქმედება გავეცი, რომ ხელისუფლება შემეცვალაო, ამაში ვეთანხმები. მისი ქველმოქმედება, ცნობილი ადამიანების მოსყიდვა და საქველმოქმედო საქმიანობაში ფულის დახარჯვა მისი ხელისუფლებაში მოსვლით დაგვირგვინდა. რაც გასცა, არ დაიკარგა, ხელისუფლებაში მოვიდა და გაცემულს ორმაგად ამოიღებს“, – აღნიშნავს გოცირიძე.
დეპუტატი ყურადღებას იმ შეთავაზებაზეც ამახვილებს, რომლითაც, ბიძინა ივანიშვილი მზად არის, 60 მილიონ დოლარად გაასხვისოს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელშიც 120 მილიონ დოლარზე მეტია ინვესტირებული.
„მისი მხრიდან ეს ნაცადი სქემაა. გლდანის ბიტკოინების ქარხანა გაყიდა, სადაც მიწა უფასოდ მიიღო. ეს საწარმო გადასახადებისგან გათავისუფლდა, არაფერს იხდის, ელექტროენერგია შეღავათიან ფასებში მიეწოდება. ხალხისა და ბიუჯეტის შეღავათით აწყობილი ბიზნესი საკმაოდ სარფიანად გაყიდა. ასე მოხდა გორშიც. თუ წყალტუბოში მიწას ჩალის ფასად იყიდის, შემდეგ მყიდველი გამოუჩნდება. როგორც ჩანს, „პარაგრაფს“ სარფიანად გაყიდის. თუ მომცემთ მიწას, გადასახადებისგან გამათავისუფლებთ, ისეთ სასტუმროს ავაშენებ, „პარაგრაფი“ კი არა, მსოფლიოს შვიდვარსკვლავიანი სასტუმროები გაოცდებიან. საქართველოში ვერც ერთი ადამიანი ვერ დაისაკუთრებდა „პანორამის“ ტერიტორიას რადგან ეს არის ბუნების განადგურება. ბუნებრივია, სახელმწიფოს დახმარებით, ამ სიმაღლეზე მსგავსი მიწისა და ადგილის ხელში ჩაგდების შემდეგ ეს ბიზნესი სარფიანად გაიყიდება. ყველა ბიზნესი, რაც ივანიშვილმა ააშენა, მომგებიანია. რუსთაველის გამზირზე არსებული სავაჭრო ცენტრი „გალერი“ თვითღირებულებით მომყიდოს. ერთ კვირაში გავყიდი და ათ მილიონს მოვიგებ. თქვენ ამბობთ, რომ „გალერი“ წამგებიანია, რომელიც მსოფლიო ბრენდებზეა გაქირავებული?“, – აცხადებს რომან გოცირიძე.
გამოცემა Entrepreneur Georgia-მ სახელწოდებით – „სოციალური ანტრეპრენერის ფენომენი: ბიძინა ივანიშვილის პროექტების სოციალური ზეგავლენა ქართულ ეკონომიკაზე, ბიზნეს გარემოზე და ქვეყნის მომავალ განვითარებაზე – ახალი შესაძლებლობები ქართული ბიზნესისთვის“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.
ინტერვიუში საუბარია წყალტუბოსა და აბასთუმანზე, ბანკ „ქართუზე“, სასტუმრო „პარაგრაფზე“, თბილისში მიმდინარე სხვა პროექტებზე, ასევე ქველმოქმედებასა და პოლიტიკაში მოსვლაზე.