რომან გოცირიძე - რატომ გინდათ, დააიგნოროთ ოპოზიციის როლი, ახსენოთ, რომ დიდსულოვნად გაითვალისწინეთ სახალხო დამცველის შენიშვნები და ოპოზიციას აკნინებთ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, მმართველი პარტია ოპოზიციის როლის დაკნინებას ცდილობს, როდესაც მხოლოდ იმას ამბობს, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტზე სახალხო დამცველის შენიშვნები გაითვალისწინეს.
გოცირიძის თქმით, სახალხო დამცველმა პარლამენტს ფორმულირებები მიაწოდა, თუმცა არ არის არც ერთი ნორმა, რომელიც ოპოზიციის მიერ არ ყოფილიყო გუშინ გამოთქმული.
„ჩვენ არ გენდობით თქვენ და გუშინდელი წარმატება ოპოზიციის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის, არ გვინდა, რომ ბოლომდე მიყვანილი არ იყოს. ბავშვს ასანთს რომ მისცემენ უნდა აკონტროლო, აი, ასე გაკონტროლებთ თქვენ და ამიტომ ვზივართ აქ. ასანთს, რომ არ გაჰკრათ და ეს კანონი იმ ფორმით არ შემოაბრუნოთ, რაც გუშინ იყო.
რაც შეეხება შეკითხვას, დაახლოებით 90 პროცენტი, რაც აქ წერია, სიტყვა „დროებითი დაწესება“ რომ არის გამოყენებული და შემდეგ არის ჩამონათვალი ყველა მუხლი, არის თუ არა ისეთი ნორმა, რომელიც არ ყოფილიყო გუშინ ჩვენ მიერ გამოთქმული? ერთი რომელიმე შეგიძლიათ დაასახელოთ, რაც ოპოზიციის მიერ გამოთქმული არ ყოფილა?
ამას, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის შენიშვნები დაემატა. ფორმულირებები შესაძლოა, სახალხო დამცველმა მოგაწოდათ, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები. რატომ გინდათ, რომ დააიგნოროთ ოპოზიციის როლი და თქვენს შესავალ სიტყვაში ახსენოთ, რომ თქვენ დიდსულოვნად გაითვალისწინეთ სახალხო დამცველის შენიშვნები და ოპოზიციას აკნინებთ.
იძულებული გახდით იმის გამო, რომ გუშინ ძალიან დიდი წნეხი მიიღეთ. ვინ თქვა, რომ ეს უნდა იყოს დროით შეზღუდული. ბიუროზე ვთქვი თავზე რომ დამესხით. გეგონათ ამ კანონს ამ ფორმით მიიღებდით, მაგრამ უკან დაიხიეთ. უკან დახევა ძალიან ბევრჯერ მოგიწევთ, რადგან მარტო არ ვართ. საერთაშორისო პარტნიორებიც გვიყურებენ. აგერ თურმე დღეს გერმანიის ელჩი ესწრება სესიას“,- განაცხადა რომან გოცირიძემ და კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მთავარ შენიშვნაზე ისაუბრა.
„ჩემი კოლეგების მთავარ შენიშვნას ისევ გავიმეორებ. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად რეპრესიულ ხასიათს იძენს ეს კანონი პირველთან შედარებით. რაც ყველაზე მთავარია, დროითაა შემოფარგლული და 15 ივლისისი შემდეგ, როგორც თქვენ ბრძანებთ, ხელახლა მოგიწევთ შეწუხება, უნდა მოხვიდეთ. ორი თვე რომ არ იყავით პარლამენტში და ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში რომ დაადეთ ბოქლომი პარლამენტს, ყველანი უნდა მოვიდეთ. ეს ნორმები და ამ შეზღუდვების უფლება მთავრობას მხოლოდ საგანგებო მდგომარეობისას შეიძლება, მიენიჭის. არაკონსტიტუციურიბის მომენტს როგორ უვლით გვერდს“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პირველი მოსმენით გუშინ უყარეს კენჭი.
პარლამენტმა ვადასთან დაკავშირებული გარკვეული დათქმით დაუჭირა მხარი კანონპროექტს.
კენჭისყრის შემდეგ, გუშინ კონსულტაციები გაიმართა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან და მისი რეკომენდაციებიც განიხილეს.
დღეს კი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის შესწორებული ვერსია წარადგინეს და ცვლილებებს დეპუტატებმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების ვადა 15 ივლისამდე განისაზღვრა.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.