რომან გოცირიძე - არჩევნების წინ შეზღუდვების გატარების უფლებებით მთავრობის აღჭურვა შეიძლება, სერიოზული პრობლემა გახდეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით საქართველოს მთავრობისთვის საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლების 2021 წლის იანვრამდე გახანგრძლივება ანტიკონსტიტუციურია.
მისი თქმით, არჩევნების წინ მთავრობის მსგავსი უფლებით აღჭურვა, ქმნის რისკს, რომ საარჩევნოდ მთავრობა ამას გამოიყენებს.
„რა თქმა უნდა, ეს არის ანტიკონსტიტუციური, არჩევნების წინ მთავრობის აღჭურვა ასეთი საგანგებო უფლებით, ყოველთვის ბადებს რისკს, რომ მთავრობა გამოიყენებს როგორც საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კამპანიის შესაზღუდად, ასევე თავად არჩევნების დღეს. ეს არის ძალიან ცუდი და ამ უფლებებით მთავრობის აღჭურვა შეიძლება, სერიოზული პრობლემა გახდეს არჩევნების დროს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება შესაძლოა, 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდეს. შესაბამისი ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შედის, რომელის მოქმედების ვადა შეიძლება, 2020 წლის 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდეს. პარლამენტმა აღნიშნული კანონი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მიმდინარე წლის მაისში მიიღო და განსაზღვრა კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისი დადგინდა.