რომან გოცირიძე - არავინ დაუშვებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გადადოს ან პანდემიასთან დაკავშირებული პროცესი სათავისოდ გამოიყენოს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლება პანდემიას წინასაარჩევნოდ იყენებს.
მისივე თქმით, არავინ დაუშვებს, რომ არჩევნები გადაიდოს, ან ხელისუფლებამ ამ პროცესით ისარგებლოს.
„პანდემიას წინასაარჩევნოდ ყოველთვის იყენებდა და სწორედ დამნაშავეა ხელისუფლება, რომელმაც აქამდე მიიყვანა საქმე. მაგრამ არავინ დაუშვებს იმას, რომ არჩევნები ან გადადოს, ან ეს პროცესი სათავისოდ გამოიყენოს. ახლა დადის ჭორები, თურმე გადასატანი ყუთებით უნდა იარონ სახლებში და 70 წელს გადაცილებულ ამომარჩეველს სახლში მიაკითხოს. ანუ, გაყალბების ახალი მექანიზმები ჩადონ, ვითომ ადამიანებზე ზრუნვის მოტივით. ჩვენ არც ერთი მანიპულაციის საშუალებას არ მივცემთ. პანდემია ქვეყანაში საშინელი სცენარით ვითარდება. იმის გამო, რომ ვერ მოუარა ამ ხელისუფლებამ და ახლა მივიღეთ შედეგი, რასაც ვხედავთ. ოღონდ ხელისუფლებას ამის აღიარება არ უნდა“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.