რომან გოცირიძე - ამდენი ხნის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ „ქართული ოცნების“ მომხრე დასჯილიყო
ორმაგი დანაშაულია, რაც დღეს ჩაიდინეს ამ კრიმინალებმა, ბანდიტური თავდასხმა მოაწყვეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე პასუხისმგებლობას რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.
„სამარცხინო განცხადება გააკეთეს „ქართულ ოცნებაში“, თურმე ეს მამა-შვილი ნასვამ მდგომარეობაში იყოო, რა ნასვამ მდგომარეობაში იყო? რომც ყოფილიყო უნდა მოკლან ადამიანი? ასეთი თავის დემაგოგიური გამართლების არავის სჯერა. ორმაგი დანაშაულია, სახელმწიფო მოხელეებმა ჩაიდინეს, საკრებულოს წევრებმა, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც ფარეშობდა ამ ქვეყანაში, სწორედ იმ სინდრომის გაგრძელებაა ეს.
ორჯერ გააფრთხილა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხელისუფლება; ერთხელ მაიკ პომპეომ ერთი თვის წინ, ერთი კვირის წინ მისმა თანაშემწემ დაურეკა. აფრთხილებდნენ ორ რამეს – ნუ იქნება ძალადობა და მსგავსი თავდასხმები და ნუ იქნება ძალადობა და მოსყიდვები. გაატარეს ეს, მაგრამ მოვა არჩევნები და თუ ხალხმა იგრძნო მსგავსი ქმედებები, არჩევნების შედეგზე მოახდინა ზემოქმედება, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება ეს ხელისუფლება.
ყველამ იცის ვისი მხრიდან განხორციელდა ძალადობა, თქვენი კამერების გარდა, ამოვიღებ ჩავრთავ კამერას და ვიქცევი მოხალისე ჟურნალისტად. „ქართული ოცნების“ ოფიციალურმა თანამდებობის პირებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასიცოცხლოდ სცემეს ადამიანები და ახლა თავს იმართლებენ, რომ თითქოსდა ნასვამები იყო „მთავარი არხის“ ჟურნალისტი. როცა ამას ბედავენ, მათ აქვთ, იმედი, რომ არასდროს არ დაისჯებიან, აქვთ ძველი გამოცდილება, ამდენი ხნის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმე დასჯილიყო „ქართული ოცნების“ მომხრე“, – განაცხადა გოცირიძემ.
მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს, დამტვრეულია ვიდეოკამერაც. ინციდენტის დროს დაშავდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტიც. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე.