ის, რაც დღეს ხდება, არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩადენილი არნახული დანაშაული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იყო იმედი, რომ კრიზისის განმუხტვა შესაძლებელი იყო პოლიტიკური გზით. ხელისუფლებამ კი, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომაც არ მოინდომა.
„მიდის პირდაპირი ნადირობა ადამიანებზე, ასეულობით დაჭრილი და დაზიანებული ადამიანია მოთავსებული კლინიკებში. ჩვენ გვქონდა იმედი, რომ ამ კრიზისის განმუხტვა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო პოლიტიკური გზით. დეპუტაციამ, დღეს აქ თქვენთან ერთად მყოფმა და ასევე, სხვა პარტიებიდანაც განვაცხადეთ, რომ უნდა გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებაც კი არ მოინდომა ხელისუფლებამ, დღეს აბსურდია უკვე ამაზე საუბარი. ხელისუფლებამ ჩაიდინა არნახული დანაშაული, არც პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა, რომელიც თავდაპირველად იყო მოთხოვნილი, არც შს მინისტრის გადადგომა, რომელიც რამდენიმე საათის წინ ჯერ კიდევ ლოგიკური იყო, რომელიც პირდაპირი დამნაშავეა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, საქართველოს ეროვნული ინტერესების მტრისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში მონაწილე ადამიანების შემოშვებაში“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.
მისი თქმით, დღის წესრიგში უკვე აბსოლუტურად სხვა ამოცანები დგას.
„დღეს უკვე, ამ ბარბაროსობის შემდეგ დღის წესრიგში აბსოლუტურად სხვა ამოცანები დგას. უკვე ხელისუფლებამ გამოავლინა თავისი ძალადობრივი სახე და ამ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, მართოს ქვეყანა. ჩვენი ფრაქცია ვიკრიბებით იქ, სადაც არიან პოლიტიკური ლიდერები და მათთან ერთად გადავწყვეტთ, თუ როგორი გეგმები იქნება ხვალიდან. ჩვენ მათ შევუერთდებით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისი თქმით, შეკრება იქნება ერთ-ერთი პარტიის ოფისში, საიდაც გაიწერება სამოქმედო გეგმა.
„ჩვენ ვიკრიბებით ერთ-ერთი პარტიის ოფისში, სადაც გაწერილი იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა. მოქმედების მთავარი მიზანი არის ამ დანაშაულებრივი ხელისუფლების შეცვლა. ხელისუფლებას უკვე არ აქვს არც სამართლებრივი და არც მორალური საფუძველი, რომ ქვეყანას მართავდეს “, – განაცხადა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ.