რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერობის კანდიდატს რამდენიმე დღეში დაასახელებს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ეყოლება და საზოგადოება მის ვინაობას რამდენიმე დღეში გაიგებს.
რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა კითხვაზე, პარტიის პრემიერობის კანდიდატი იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი, უპასუხა – „რატომაც არა?“.
„კოალიცია არის კომპრომისების ხელოვნება, ბევრი რამ ვისწავლეთ. საუბარია იმაზე, რომ თანამდებობებს ვერ ინაწილებენ და ა.შ. მაგრამ ხელისუფლება მთავრობის სახით ყალიბდება. მინისტრი არის თანამდებობა. გინდა თუ არა, საბოლოო ჯამში, კოალიცია დადის მთავრობის შემადგენლობამდე და ეს არის ნორმალური. საუბარი არ არის ენის მოჩლექვით. ხელისუფლებას ვქმნით, რომელმაც ქვეყანა წინ უნდა წაიყვანოს. ასეა კონსტიტუციით. კონსტიტუციით არის მინისტრთა კაბინეტი და კონსტიტიციურ პროცესში ვმონაწილეობთ, დანარჩენი დემაგოგიაა. იქნება კოალიციური ხელისუფლება და ყველაფერი კარგად განაწილდება. მთავრობას ეყოლება პრემიერი და მინისტრები. ყველა პარტია თავისი ჩრდილოვანი კაბინეტით უნდა გამოდიოდეს, განსაკუთრებით, საპარლამენტო არჩევნებისას, რადგან დათვალიერებაა სახეებისა და იდეების. ჩვენი პრემიერობის კანდიდატი გვეყოლება, მის ვინაობას ძალიან მალე გაიგებთ, სულ რამდენიმე დღეში. დღეს 3 სექტმებერია, სამს დაუმატეთ სამი-ოთხი და ამ ვადებში გაიგებთ“, – განაცხადა გოცირიძემ.