რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების გამოყოფა ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვაა
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მოსაზრებით, მთავრობის მხრიდან მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების გამოყოფა ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვაა.
როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, ხელისუფლება ხალხს დასცინის. მისი თქმით, მისი პარტია მთავრობას მოუწოდებდა, რომ შიმშილის ზღვარზე მისული ადამიანებისთვის ბიუროკრატიული წინააღმდეგობების გარეშე დახმარება გაეწია და ამ დროის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 530 მილიონი ლარიდან გაცემულია მხოლოდ 111 მილიონი.
„ეს პროცესი პირველ აგვისტოს მორჩა, მაგრამ ვამბობდით, რომ წინასაარჩევნოდ გადამალული ექნებოდათ და სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყებდნენ გაცემას. დახმარების მიმღებების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნების“ აქტივი და მათი კოორდინატორები იქნებიან. ამავე დროს, ადამიანებს ზეწოლას და 300 ლარიანი დახმარების მიცემას დაუწყებენ, თუ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში იმუშავებენ. ეს არის ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვა. ვალის სახით ხუთი მილიარდი ლარი ავიღეთ და ხალხის გადასახდელი ფულით მანიპულაციას ეწევა საქართველოს ხელისუფლება. რატომ არ გასცეს ეს ფული, როცა კარანტინში გამოკეტილი ადამიანები შიმშილის პირას იყვნენ? ხალხი ახლა რატომ გაახსენდათ, წინასაარჩევნოდ? დიახ, ჩვენ ვითხოვდით, რომ დახმარება ყველა თვითდასაქმებულზე ყოველგვარი საბუთების გარეშე გაცემულიყო. ახლაც ამას ნაწილობრივ აკეთებენ, მაგრამ იმ 400 მილიონის ფარგლებში, რომელიც გადამალეს და მის გამოყენებას წინასაარჩევნოდ აპირებენ. სად არის 133 მილიონი, რომელიც კოვიდ ფონდში ბიზნესმა შეიტანა? მაშინ რატომ არ იყენებდნენ, როცა ხალხს უჭირდა? ახლა გამოაცხადეს, რომ თურმე, ივანიშვილისა და მათთან დაახლოებული ბიზნესმენების ფული დახმარებებისთვის დაიხარჯებაო, ესეც არის მოსყიდვის ერთ-ერთი ფორმა. ფული, რასაც მთავრობა გასცემს, საგარეო ვალია და ჩვენი გასასტუმრებელია. ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც არაფერი გასცა. ჩვენი ზეწოლის შედეგია, რომ თვითდასაქმებულებისთვის დახმარება გამოეყოთ ისევე, როგორც კომუნალური გადასახადები დაეფარათ. აანონსებენ, რომ იგივე ქმედებები ზამთარში გამეორდება, მაგრამ ეს ხელისუფლება ზამთარში არ იქნება. ხალხს როგორ დავეხმარებით, ოქტომბრის მერე გამოჩნდება. ოქტომბრის შემდეგ დანაპირები სახლში წაიღონ, ისინი არ იქნებიან, ოპოზიციური ხელისუფლება ვიქნებით და საზოგადოება ნახავს, ნამდვილი თანადგომა რას ნიშნავს“, – განაცხადა გოცირიძემ.