რომან გოცირიძე აცხადებს, რომ არ იცის, რა მოლაპარაკებები შედგა ოპოზიციის საერთო სიასა და პარლამენტის თავმჯდომარეობაზე, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მსგავს ჭორებს „ქართული ოცნება“ ავრცელებდეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ არ იცის რა მოლაპარაკებები შედგა ოპოზიციის საერთო სიასა და პარლამენტის თავმჯდომარეობაზე, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მსგავს ჭორებს „ქართული ოცნება“ ავრცელებდეს.
კითხვაზე, რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის არჩევნებთან დაკავშირებით, გოცირიძე აცხადებს, რომ არ აპირებს ოპოზიციურ პარტიებს შორის რაღაც კინკლაობის გაგრძელებას.
„რა შეხვედრა შედგა ერთიან სიებსა, თუ პარლამენტის თავმჯდომარეობაზე, საქმის კურსში არ ვარ. მგონია, რომ ეს არის მორიგი ჭორი და გაღვივება რაღაც დაპირისპირებებისა ოპოზიციურ ფლანგზე და შესაძლებელია, ამ ჭორებს „ქართული ოცნება“ ავრცელებდეს, რათა ოპოზიციაში სიმშვიდე არ იყოს. მე არ ვაპირებ, ოპოზიციურ პარტიებს შორის რაღაც კინკლაობის გაგრძელებას, რომელიც „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. რაც უფრო პარტნიორულად და მშვიდად ვიქნებით ოპოზიციის წარმომადგენლები ამ საარჩევნო კამპანიაში, მით უფრო ლამაზად დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა გოცირიძემ.