რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარლამენტის გარდა, იგეგმება მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების პიკეტირებაც
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები ხვალიდან განახლდება.
როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, მოხდება როგორც პარლამენტის შენობის, ასევე მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების პიკეტირება.
დეპუტატის ცნობით, აქციები გადაინაცვლებს რეგიონებშიც.
„აქციები იქნება მანამდე, სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული. შედეგია, დემოკრატიული საარჩევნო სისტემის ფორმირება. თუ ხელისუფლება დადებულ პირობას არ შეასრულებს, პროტესტები იქნება, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ ჩამოიშლება. გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე ან „ქართული ოცნება“ ვერ გაუძლებს საგარეო და საშინაო ზეწოლას. მისი მომავალი ხალხის ნებით იქნება განსაზღვრული, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან წავა. როცა საჭიროება იქნება, პარლამენტის ტრიბუნას გამოვიყენებთ, რათა უმრავლესობას კომფორტულ ვითარებაში ყოფნის საშუალება არ მივცეთ”, – განაცხადა გოცირიძემ.
საშემოდგომო სესიიდან საპარლამენტო ოპოზიცია პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს და პლენარულ სხდომებს არ ესწრება.