როჯერ გეილი - ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის ოკუპაციის უფლება არავის აქვს
არავის აქვს უფლება, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინოს, – ეს განცხადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე როჯერ გეილმა საოკუპაციო ხაზთან გააკეთა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ.
დელეგაციის წევრებს არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოაწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.
სტუმრები მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრნენ.
„ჩვენ აქ ჩამოვედით საქართველოს მთავრობის მოწვევით. არავის აქვს უფლება, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინოს. ეს არის დარღვევა ადამიანის უფლებათა კონვენციის. ადამიანს, რომელსაც აქ შევხვდით, აქვს თავისი უფლებები და ეს უფლებები დარღვეულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს არის არასწორი და მიუღებელი, ეს უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა სოფელ ხურვალეთში მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრებ ოჯახთან საუბრის შემდეგ როჯერ გეილმა.