„როიტერის“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა ოქტომბერში პეკინში გაიმართება
ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა ოქტომბერში პეკინში გაიმართება, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
„ოქტომბერში ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საფუძვლიან ორმხრივ მოლაპარაკებებს პეკინში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შორის“, – განაცხადა ნიკოლაი პატრუშევმა მოსკოვში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან შეხვედრისას.
ამასთან, პატრუშევმა აღნიშნა, რომ რუსეთს ჩინეთთან კავშირების განვითარება სურს.
„რუსეთი ჩინეთთან ურთიერთობების პროგრესული განვითარებისა და გაძლიერებისკენ არის მიმართული“,- განაცხადა პატრუშევმა.
შეგახსენებთ, ეს იქნება რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა.