„როიტერის“ ინფორმაციით, მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა დღეს სულ მცირე 60 დემონსტრანტი მოკლეს
მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა 27 მარტს სულ მცირე 60 დემონსტრანტი მოკლეს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ქალაქ იანგონში, პოლიციის ერთ-ერთ შენობასთან შეკრებილ მოქალაქეებს სამართალდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ათი კი დაშავდა. ქალაქ მანდალაიში კი სხავადასხვა ინციდენტის შედეგად, 13 ადამიანი მოკლეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ასევე საგაინგის რეგიონში, ქალაქ ლაშიოში და ბაგოს რეგიონში.
აქციების დარბევების პარალელურად, მიანმარში სამხედროებმა შეიარაღებული ძალების დღე აღნიშნეს და არჩევნების ჩატარების პირობა დადეს, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებიათ.
პირველ თებერვალს, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მიანმარში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რასაც უსაფრთხოების ძალები სროლით გამოყენებით პასუხობენ. არაოფიციალური მონაცემებით, მიანმარში დღემდე 380-მდე ადამიანი მოკლეს.