„როიტერის“ ინფორმაციით, ინდონეზიის პოლიციამ პაპუელ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა
ინდონეზიის პოლიციამ პაპუელ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სეპარატისტთა წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ცეცხლი მაშინ გახსნეს, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი სამთავრობო შენობის შტურმი სცადეს. დაუდასტურებელი ცნობებით, არიან გარდაცვლილები, თუმცა ინდონეზიის ეროვნული პოლიციის პრესსამსახური აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და მას პროვოკაციას უწოდებს.
ინდონეზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში პაპუასა და დასავლეთ პაპუას პროვინციებში ათასობით ადგილობრივი მცხოვრები პაპუელების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას თითქმის ორი კვირაა აპროტესტებს. საპროტესტო გამოსვლები აღმოსავლეთ ჯავის პროვინციაში პაპუელი სტუდენტების დაკავებით დაიწყო. სტუდენტურ საცხოვრებლებში 43 ახალგაზრდა პოლიციამ ინდონეზიის სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავა. მართალია, სტუდენტები იმავე დღეს გაათავისუფლეს, თუმცა ისინი სამართალდამცველებს რასობრივ ნიადაგზე დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფის გამო უჩივიან. უსაფრთხოების გასაძლიერებლად ხელისუფლებამ პაპუას რეგიონში პოლიციის დამატებითი ძალები და სამხედროები გაგზავნა და ინტერნეტი გათიშა.
პაპუასა და დასავლეთ პაპუას პროვინციებში ათობით წლის განმავლობაში აქტიური სეპარატისტული მოძრაობა იყო. ბუნებრივი სიმდიდრის მიუხედავად, პაპუა ინდონეზიის ერთ-ერთი უღარიბესი რეგიონია. აქ მდებარეობს ქვეყნის უმსხვილესი ოქროს მომპოვებელი მაღარო. პაპუას რეგიონი 60-იან წლებამდე ნიდერლანდების კოლონია იყო, შემდეგ კი, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ის ინდონეზიის ნაწილი 1969 წლის რეფერენდუმის შედეგად გახდა, რომლის შედეგებსაც ადგილობრივების ნაწილი დღემდე სადავოდ მიიჩნევს, რადგან რეფერენდუმში მხოლოდ ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.