„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საგარეო დახმარების 21 პროცენტით შემცირებას ითვალისწინებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საგარეო დახმარების 21 პროცენტით შემცირებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, 2021 წლის ფინანსური წლის ბიუჯეტის პროექტი დღეს გამოქვეყნდება. საგარეო დახმარებასთან ერთად, დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება სოციალური დაცვის პროგრამების შემცირებაც.
ტრამპის ინიციატივით, 2021 წელს საგარეო დახმარება 55,7 მილიარდი დოლარიდან 44,1 მილიარდ დოლარამდე უნდა შემცირდეს. უცვლელი დარჩება უკრაინისთვის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარება. დოკუმენტის თანახმად, 150 მილიონი დოლარიდან 700 მილიონ დოლარამდე უნდა გაიზარდოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) დაფინანსება, რომელიც მიმართული იქნება რუსეთისა და ჩინეთისგან მომავალი ეკონომიკური საფრთხეების წინააღმდეგ.
ბიუჯეტის პროექტით 1,1 მილიარდი დოლარი გათვალისწინებული იქნება კიბერუსაფრთხოებისთვის.
2021 წელს დონალდ ტრამპი გაზრდის ინფრასტრუქტურული პროექტებისა და თავდაცვის დაფინანსებას. კერძოდ, სამხედრო ხარჯების გაზრდა 0,3 პროცენტით იგეგმება. ამგვარად, აშშ-ის თავდაცვის ხარჯები 740 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
დოკუმენტით კვლავ არის გათვალისწინებული თანხა მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის, თუმცა წინა წელთან შედარებით, 8,6 მილიარდი დოლარის ნაცვლად, ეს თანხა ორი მილიარდი დოლარია.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი მომავალი 10 წლის განმავლობაში ხარჯების 4,4 ტრილიონი დოლარით შემცირებას წარმოადგენს.