„როიტერის“ ცნობით, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გასულ თვეს უკრაინის გამო ჩაიშალა
„როიტერის“ ცნობით, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გასულ თვეს უკრაინის გამო ჩაიშალა

„როიტერის“ ცნობით, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გასულ თვეს უკრაინის გამო ჩაიშალა. როგორც სააგენტო წერს, საქმე ეხება უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ორი თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელიც თურქეთის შუამავლობით იმართებოდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, შეთანხმება ეხებოდა შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოებას და ის თითქმის მიღწეული იყო, როდესაც კიევი მოულოდნელად გავიდა მოლაპარაკებების პროცესიდან. სააგენტოსთან საუბარში ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ სურდა შეთანხმების ოფიციალურად ხელმოწერა, მაგრამ თანახმა იყო, შეთანხმება თურქეთის პრეზიდენტს გამოეცხადებინა. ეს 30 მარტს უნდა მომხდარიყო. უკრაინის მიერ შეთანხმებიდან გასვლის მიზეზი უცნობია. რუსეთი, უკრაინა და თურქეთი საკითხის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

„როიტერი“ ასევე ავრცელებს შეთანხმების დეტალებს, რომლის მიხედვითაც, კიევი და მოსკოვი იღებდნენ ვალდებულებას, უსაფრთხოების გარანტიები მიეცათ შავ ზღვაში მცურავი სავაჭრო გემებისთვის, რომ მათ ცეცხლს არ გაუხსნიდნენ, არ გაიტაცებდნენ და არ გაჩხრეკდნენ.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ცდილობდა, წინააღმდეგობა გაეწია საზღვაო გზით უკრაინის ექსპორტის განხორციელებისთვის. 2022 წლის ივლისიდან მოქმედებდა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა და უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შავი ზღვით ტრანსპორტირებას მოიცავდა. 2023 წლის ივლისში რუსეთი გავიდა ამ შეთანხმებიდან და კიევში განაცხადეს, რომ მათ შეძლეს ახალი საზღვაო დერეფნის შექმნა შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში.