რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხვალ ჩინეთში ჩავა. როგორც „როიტერი“ წერს, შეხვედრების მთავარი თემა მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობების გაღრმავება და უკრაინაში ომი იქნება.
„როიტერი“ აღნიშნავს, რომ ჩინეთ-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობამ 2023 წელს რეკორდულ მაჩვენებელს, 240 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 26 პროცენტით მეტია წინა წლების მაჩვენებელთან.
მედიის ცნობით, სერგეი ლავროვი ჩინელ კოლეგას, ვანგ ის შეხვდება.
მანამდე „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმცია, რომ მაისის თვეში ჩინეთში ვიზიტით ჩასვლას გეგმავს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რაც ახალი ვადით პრეზიდენტობის შემდეგ პუტინის პირველი საგარეო ვიზიტი იქნება.