აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ანგოლაში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს იქნება პრეზიდენტის რანგში ბაიდენის პირველი ვიზიტი აფრიკაში. ასევე, ბაიდენი იქნება აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ანგოლაში ჩავა.
როგორც „როიტერი“ წერს, ვიზიტის ორგანიზებაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა. ის, სავარაუდოდ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის შემდეგ და 5 ნოემბერს დაგეგმილ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე შედგება.
თეთრ სახლს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ბაიდენი ანგოლაში ჩასვლას გასულ წელს გეგმავდა, თუმცა ვიზიტი „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმისა და ამის შემდგომ ღაზაში დაწყებული ომის გამო გადაიდო. ჯო ბაიდენმა ანგოლის პრეზიდენტს, ჟუან ლორენსუსს გასული წლის ნოემბერში უმასპინძლა.