„როიტერის“ ცნობით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წევრებს საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება აუკრძალეს
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ლიბანში პეიჯერებისა და სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებების შემდეგ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“, რომელიც ირანის შეიარაღებული ძალების ელიტურ ქვედანაყოფს წარმოადგენს, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება აკრძალეს. ამის შესახებ „როიტერი“ ირანის სპეცსამსახურებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
„ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ყველა წევრს უბრძანა, შეწყვიტონ ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალების გამოყენება მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ლიბანში მომხდარი თავდასხმის შედეგად ათასობით პეიჯერი აფეთქდა, რომლებსაც მათი მოკავშირეები – ლიბანური შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლა“ იყენებდა“, – წერს სააგენტო.
„როიტერს“ ერთ-ერთმა წყარომ ასევე უთხრა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია ლიბანში მომხდარით და ყველა მოწყობილობის შემოწმების მასშტაბური ოპერაცია დაიწყო. ამ ფარგლებში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებმა „ჰეზბოლასგან“ მოითხოვეს ტექნიკური ექსპერტიზის შედეგებისა და აფეთქებული მოწყობილობების ზოგიერთი ნიმუშის წარდგენა.
ირანის ხელისუფლებამ ასევე წამოიწყო საფუძვლიანი გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საშუალო და მაღალი რანგის ოფიცრებს ამოწმებენ, რათა გამოავლინონ ის პირები, რომლებიც შესაძლოა, დაკავშირებულები იყვნენ ისრაელის სპეცსამსახურებთან და მათგან ფულად ანაზღაურებას იღებდნენ.
„ეს მოიცავს მათი საბანკო ანგარიშების საფუძვლიან შემოწმებას ირანში და საზღვარგარეთ, ასევე მათი და მათი ოჯახების მოგზაურობის ისტორიის გადამოწმებას“, – წერს „როიტერი“.
წყაროების ცნობით, ლიბანში მომხდარი აფეთქებების შემდეგ ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვნად გააძლიერეს.
17 და 18 სექტემბერს ლიბანის სხვადასხვა რაიონში საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის პეიჯერების აფეთქება მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა, სამი ათასზე მეტი კი დაშავდა. დაზარალებულთა შორის აღმოჩნდა ირანის ელჩი ლიბანში მოჯტაბა ამანი. ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია ათასობით მოწყობილობის ერთდროული აფეთქება. „ჰეზბოლამ“, ლიბანისა და ირანის ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრეს. ისრაელის ხელისუფლებას ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია და არც უარყვია ამ აფეთქებებთან კავშირი.